ლუკა კალანდიას მამა: არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ჩემს შვილს ხელში დანა ეჭირა

0
265

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული ლუკა კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიას თქმით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მის შვილს დანა ეჭირა.

როგორც თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ზაზა სარალიძემ იცის, ვინ მოკლა მისი შვილი.

„ფაქტია, სარალიძე რაღაცით დააინტერესეს, რომ ჩვენზე იყვიროს. აქამდე არაფერი ჰქონდა ჩემს შვილზე, ახლა მოძებნეს ჯანაშია, ბარბაქაძე. შეჰპირდნენ საპროცესო გარიგებას, იმის სანაცვლოდ, რომ ჩემი შვილისთვის დაებრალებინათ, რომ ხელში რაღაც, დანისმაგვარი ეჭირა.
ჯანაშიამ, რომელიც დანების კოლექციონერია, ვერ გაარკვია, დანა ეჭირა ჩემს შვილს, თუ რაღაცა. ეს არის კაცი, რომელსაც 200 დანა აქვს სახლში და იცის ყველა მწარმოებელი ფირმა და ბრენდი. უბრალოდ, ბავშვს სინდისმა შეაწუხა და ბოლომდე ვერ თქვა, დანა ეჭირაო და ამიტომ თქვა, დანის მაგვარიო.

რაც ცკპდ-ს გამოძიება ჩაიბარა, მას შემდეგ აღმოჩნდა დანა, ფურცელზე დახატული რაღაც ტარი, ვიღაც არასრულწლოვნის მიერ დაჯღაბნილი, რომელიც დევს საქმეში და იმით ამტკიცებენ, რომ ჩემს შვილს ხელში რაღაც ეჭირა. დედამიწის ზურგზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ჩემს შვილს ხელში დანა ეჭირა. სადაც დიდი ფულია, იქ სიმართლეა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჯანაშიას ბიძის, ნაკაიძის ნამოქმედარია.

გუშინდელი ჩემგან მიყენებული შეურაცხყოფის შემდეგ, ზაზა სარალიძე რომ მართალი ყოფილიყო, დღეს კი არ გაიქცეოდა, დამელოდებოდა და შიშველი ხელებით თვალებს დამთხრიდა და ყელს გამომჭამდა. მაგრამ, სანამ მე გარეთ გამოვიდოდი, კუდამოძუებული გაიცა. ზაზა სარალიძემ რეალურად იცის მისი შვილის მკვლელები ვინც არიან. საცოდავი ბავშვები დღეს ციხეში სხედან. იმ ბავშვებმა ბევრი იწვნიეს და დიდი ტვირთი აქვთ სატარებელი ცოდვის სახით. ვწუხვარ მათ გამო“, – ამბობს თენგიზ კალანდია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, ხმაური იყო გუშინაც და დღესაც.

დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს.