ჟან-პოლ გოტიემ უკანასკნელი ჩვენება ჩაატარა (ფოტოები)

0
294

ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა, ჟან-პოლ გოტიემ, პარიზის ოტ კუტიურის მოდის კვირეულის ფარგლებში 50-ე საიუბილეო და თავისი უკანასკნელი ჩვენება ჩაატარა.

ჟან-პოლ გოტიემ მოდის სამყაროდან წასვლა გასულ კვირას დაანონსა და თქვა, რომ მისი ბოლო ჩვენება მოდაში მის მიერ გატარებული წლების აღნიშვნა იქნებოდა.

67 წლის ჟან-პოლ გოტიე ყოველთვის აცმევდა ყველანაირი სფეროს წარმომადგენელ ცნობილ ადამიანებს – იქნებოდა ეს ნიკოლ კიდმანი და ქეით ბლანშეტი, თუ ლედი გაგა და რიანა.

ფრანგი დიზაინერის შექმნილია მადონას საკულტო კონუსის ფორმის ლიფი [Cone Bra], რომელიც მომღერალს 1990 წლის ტურნეში ეცვა.

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ დიზაინერის უკანასკნელ ჩვენებაზე თავი ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა – ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა, კარლი კლოსმა, ირინა შეიკმა, დიტა ვონ ტისმა, კარენ ელსონმა და სხვებმა.

ჟან-პოლ გოტიემ დიდი წვლილი შეიტანა მოდის ინდუსტრიისა და ოტ კუტიურის განვითარებაში. მან თავისი სახელობის მოდის სახლი 1982 წელს დაარსა, თუმცა მანამდე პიერ კარდენის ასისტენტად მუშაობდა და 1976 წელს თავისი პირველი ინდივიდუალური კოლექციაც შექმნა.

ფრანგი დიზაინერი ხშირად ხდებოდა კრიტიკისა და ასევე ქების ობიექტიც, პოდიუმზე მოდის სამყაროსთვის არადამახასიათებელი მოდელების გამოყვანისთვის – მასთან მუშაობდნენ ასაკში შესული მამაკაცი მოდელები, ასევე მოდელები, რომლებიც არ იყვნენ ძალიან გამხდრები და ჰქონდათ ბევრი ტატუები. დიზაინერი ხშირად აცვლევინებდა პოდიუმზე მოდელებს გენდერულ როლებს.

ჟან-პოლ გოტიე ერთადერთი დიზაინერია, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის სრულუფლებიანი წევრი ყოფილა.