პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

0
247

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია, – ამის შესახებ იმედის გადაცემა „დღის ქრონიკაში“ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს ჩინეთის ქალაქ უხანთან პირდაპირი ფრენები არ აქვს, რაც ჩვენ ქვეყანაში დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს.

„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უხანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უხანი“, – განაცხადა იმნაძემ.

მან კორონავირუსის ტექნიკური მხარეც განმარტა და ახსნა, რომ ამ ტიპის დაავადებები ადამიანსაც და ცხოველებსაც აქვთ. იმ შემთხვევაში თუ ცხოველის ვირუსის ფორმა ადამიანზე გადადის ის მძიმე ფორმით მიმდინარეობს. იმნაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რომელი ცხოველის კორონავირუსმა გამოიწვია ახალი ვირუსის გავრცელება ჩინეთში.

მისი განმარტებით, ვირუსს ჩვეულებრივი მძიმედ მიმდინარე რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს, მისგან ვაქცინა კი ამ ეტაპზე არ არსებობს. იმნაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში უხანში იყვნენ და გაციების სიმპტომები აქვს, ახალი ვირუსის გამოსარიცხად ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს.