რუსეთი ფართოვდება: მე აქ ვრჩები, თუნდაც შიმშილისაგან მოვკვდე, ჩემთვის აქ ქართული მიწა-წყალია

0
242

შვედურ გაზეთ Svenska Dagbladet-ის 22 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს შიდა ქართლის მხარეში არსებული ვითარება, კერძოდ – გორის მუნიციპალიტეტში – ე.წ. სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ხურვალეთში შექმნილი სიტუაცია (ავტორი – ივარ ანდერსონი).

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

„ხურვალეთთან აღმართულ ბანერზე წარწერაა – „ყურადღება! სახელმწიფო საზღვარი! გასვლა აკრძალულია!“, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მთავრდება საქართველოს ტერიტორია და იწყება სამხრეთ ოსეთი. მაგრამ, რამდენადაც ცნობილია, სახელმწიფო საზღვრები ერთმანეთისაგან სუვერენულ სახელმწიფოების ტერიტორიებს ჰყოფს, სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი კი მხოლოდ რუსეთს და მის მოკავშირე ორიოდე ქვეყანას აქვს აღიარებული. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ის ტერიტორია, რომელზეც სამხრეთ ოსეთი აცხადებს პრეტენზიას, კვლავ საქართველოს ეკუთვნის. ანუ წარწერა იმას მოწმობს, აქ [სუვერენული სამხრეთ ოსეთის ტერიტორია კი არა, არამედ] რუსეთის ოკუპაციის ზონა იწყება.

„აი, იქ რუსეთის სადარაჯო პოსტია“, – გვაჩვენებს ანდრეას პალარისი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ საპატრულო ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისიის მიზანია ევროკავშირის ხელშეწყობით ათზე წელზე მეტი ხნის წინ დადებული შეთანხმების დაცვა, თუმცა კონტროლი ბოლო დროს სულ უფრო რთული ხდება.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებს შორის შექმნილი დაძაბულობა სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ქართულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე იერიში მიიტანა, მაგრამ იმავე დღეს, ოსი სეპარატისტების მხარეზე, ომში რუსეთი ჩაერია. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ, რასაც ასობით ადამიანი შეეწირა, საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა  აღიარა“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება სოფელ ხურვალეთის მცხოვრებს, 86 წლის დავით ვანიშვილს, რომლის სახლ-კარი და სახნავ-სათესი მიწა ე.წ. „საზღვრით“ არის გაყოფილი. „რუსებმა მითხრეს, რომ საზღვარი არ გადაკვეთოო“, – ამბობს დავით ვანიშვილი. იგი არჩევანის წინაშე დადგა – ან სახლში დარჩენილიყო, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, ან საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასულიყო და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მიეღო. დავით ვანიშვილმა სახლი დარჩენა ისურვა, რაც სიღარიბის არჩევას ნიშნავდა: მისი სახნავ-სათესი მიწა საქართველოს მხარეზე მდებარეობს. „მე აქ ყოფნა ვარჩიე… იქით არ გადავალ, თუნდაც შიმშილისაგან მოვკვდე. ჩემთვის აქაც ქართული მიწა-წყალია“, – ეუბნება დავით ვანიშვილი შვედური გაზეთის ჟურნალისტს.

„დავით ვანიშვილი დაზარალდა იმ პროცესით, რასაც დამკვირვებელთა მისიის ენით „საზღვრის ფორმირება“ ეწოდება. ამჟამად ეს პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე“, – განმარტავს მისიის ხელმძღვანელი ერიკ ხიოგი პუბლიკაციის ავტორთან საუბარში. მისი თქმით, გასული წლის ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ევროკავშირის მისიის ორი თანამშრომელი დააკავა. „მათ  იარაღით დაემუქრნენ, ყველაფერი წაართვეს, სურათი გადაუღეს და ინტერნეტში გამოაქვეყნეს, რაც დაუშვებელია“, – ამბობს ერიკ ხიოგი.

დამკვირვებლები „საზღვრის“ ხაზს არასოდეს არ კვეთენ, მაგრამ სამხრეთ ოსურმა მხარემ მიჯნები გაუფრთხილებლად წინ გადმოსწია და ამის საფუძველზე განაცხადა, რომ დამკვირვებლები სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე თითქოსდა უნებართვოდ შევიდნენ. „საერთაშორისო სამართლით, ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა რუკა შეცვალეს და პრეტენზიებს ახალ მიწებზე აცხადებენ. ამით ისინი სტატუს-ქვოს არღვევენ“, – აღნიშნავს ერიკ ხიოგი.

2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით, რუსეთის ჯარებს საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ ამის სანაცვლოდ მოსკოვმა სეპარატისტულ რესპუბლიკებთან სამხედრო დახმარების ხელშეკრულებები გააფორმა. „რუსეთი 2008 წლის შეთანხმების დებულებებს არღვევს. რუსული ჯარი არც სამხრეთ ოსეთში და არც აფხაზეთში არ უნდა იყოს“, – განმარტავს ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი.

რუსეთი საქართველოში შეჭრას „ჰუმანიტარულ ინტერვენციას“ უწოდებს, მოსკოვის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარის დატოვებით ოსი მოსახლეობის უსაფრთხოება იქნება დაცული. რუსეთის ასეთი რიტორიკა უკრაინაშიც ცნობილია, მაგრამ კრემლმა სწორედ საქართველოზე გამოსცადა ჰიბრიდული ომის მეთოდები.

როგორც შვედეთის თავდაცვის ინსტიტუტის მკვლევარი ნიკოლას ნიკოლსონი ამბობს, რუსეთის ქმედებები, კერძოდ, „საზღვრის“ გატარება საქართველოსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების ავტორიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული: „ამით ხდება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, თანაც იოლად და ნაკლები დანახარჯებით. სულ რაღაც 50 თუ 100 მეტრით გადაწეული საზღვარს ადგილობრივი მოსახლეობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არის სიგნალი, რომ კონფლიქტი გრძელდება და რომ რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფრის ჩადენა შეიძლება“.

სტატიის ავტორი ესაუბრება საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის და შერიგების სახელმწიფო მინისტრის ოფისის თანამშრომელს თამარ კოხორაძეს, რომელიც სამხრეთ ოსეტში არსებულ სიტუაციაზე ლაპარაკობს, ასახელებს ციფრებს, სტატისტიკურ მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიის ფართობს და ა.შ.

„ჩვენ კარგად ვიცით რუსეთის სტრატეგია. მოსკოვს სურს, რომ საქართველოს მისი ინტერესების სფეროში დარჩეს და ხელი შეუშალოს ჩვენს გეგმებს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისათვის“, – ამბობს თამარ კოხორაძე გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, კონფლიქტები საქართველოს ძირითად მოსახლეობასა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ადრეც ხდებოდა ხოლმე, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია თავისი ფესვებით 2008 წლის გაზაფხულზე მომხდარ მოვლენას უკავშირდება, როცა ნატოს წევრებმა ბუქარესტის სამიტზე საქართველო ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის პოტენციურ წევრად შერაცხეს. ამის საპასუხოდ რუსეთმა უფრო გაფართოვა თავისი კავშირები საქართველოს სეპარატისტულ რეჟიმებთან: დაძაბულობა რამდენიმე თვის განმავლობაში მატულობდა, შემდეგ კი ცხინვალზე რაკეტების სროლამ ომის დაწყება გამოიწვია.

ევროკავშირის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დამოუკიდებელი მოხსენება მოამზადა, რომლის მიხედვით, საქართველოს არმიის შეტევა „გაუმართლებელი“ იყო, ხოლო მასზე რუსეთის რეაგირება „გონივრულ ფარგლებს გასცდა“. თბილისის აზრით, ომის შემდეგ რუსეთი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას სოლივით იყენებს საქართველოსა და დასავლეთის ერთმანეთთან დასაშორებლად.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ვეტოს შედეგად გაერო იძულებული გახდა თავისი მისია საქართველოდან გაეყვანა, ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფი ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც რეგიონშია წარმოდგენილი: „ჩვენი მოვალეობაა თვალი ვადევნოთ – ხომ არ ხდება რომელიმე ახალ ადგილზე საზღვრის ფორმირების პროცესის აქტივიზირება, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა, რომლის შედეგად საზღვარზე გადასვლა მოსახლეობისათვის რთულდება“, – ეუბნება ავტორს ევროკავშირის მისიის წევრი, შვედი დამკვირვებელი ჰანს-ერიკ ჰანსონი.

„ევროკავშირის მისიას მეტის გაკეთება არ შეუძლია. უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია მძიმდება, დამკვირვებლებს კი სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უშვებენ“, – ხაზს უსვამს ავტორი.

შვედი ჟურნალისტი ესაუბრება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეს, 78 წლის ქალბატონ ნორა ბატონისაშვილს, რომელსაც მეუღლე ქართველი ჰყავს. ხურვალეთში ბევრი ოჯახი სწორედ შერეული ქორწინებით არის შექმნილი, რადგან ისტორიულად ასე ხდებოდა. „რუსები რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. მათ ჩემი მიწის ნახეარი აქვთ დაკავებული“, – ამბობს ნორა და წუხს, რომ მას არ შეუძლია ნათესავების საფლავების მონახულება, რადგან სასაფლაო საზღვრის მიღმა დარჩა.

ვრცელი პუბლიკაციის დასასრულს მოცემულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოკლე ისტორია: ასახულია საბჭოთა პერიოდისა და 1990-იანი წლების მოვლენები – საქართველოში სამოქალაქო ომის შედეგები, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა… აგრეთვე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.svd.se/ryssland-expanderar-dor-hellre-av-hunger-an-flyttar