„რუსული კვალი“ ბრექსიტის შედეგებში? – რა წერია დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო კომისიის მოხსენებაში

0
200

ბრიტანულმა გაზეთმა Sunday Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ბრექსიტის რეფერენდუმში მოსახლეობის წამქეზებლად რუსეთი და რუსი ბიზნესმენები არიან დადანაშაულებული.

გაზეთი ირწმუნება, რომ პარლამენტისათვის მომზადებულ მოხსენებაში არის სია ცხრა რუსი ბიზნესმენის გვარით, რომლებმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ბრიტანეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, რეფერენდუმის სასურველი შედეგის მიღწევაში – ანუ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლაში.

Sunday Times-ის პუბლიკაციაში მათგან მხოლოდ სამია მოხსენიებული. დასახელებული ფიგურანტებიდან ორს – ალექსანდრ ლებედევს და ალექსანდრ ტემერკოს – „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი გაესაუბრა.

რას ამბობენ სიის ფიგურანტები?

ალექსანდრე ლებედევი ფლობს ბრიტანულ გაზეთებს – Independent-ს და Evening Standard-ს, იგი ასევე რუსული Новая газета-ს აქციონერიცაა. Sunday Times ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საბჭოთა ეპოქაში ალექსანდრე ლებედევი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (КГБ) მუშაობდა, ხოლო მის შვილს ბრიტანეთის დღევანდელ პრემიერ-მინისტრთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად იწვევდა გასართობ საღამოებში

„უბრალოდ სასაცილოა, – ასეთი კომენტარი გაუკეთა ალექსანდრე ლებედევმა Sunday Times-ის სტატია „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან საუბრისას, – ვფიქრობ, ასევე იცინოდა დონალდ ტრამპიც, როცა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ე.წ. „სტილის დოსიე“ წაიკითხა (ქრისტოფერ სტილი – ბრიტანელი ყოფილი მზვერავი, რომელმაც მასალები შეკრიბა). მსგავსი სკანდალური „მასალებით“ მხოლოდ რუსული ჟურნალისტიკა არის დაინტერესებული და სამწუხაროა, რომ ასეთ უარყოფით გამოცდილებას დასავლური ცნობილი გაზეთები და მათ შორის, ბრიტანული გამოცემებიც იზიარებენ“.

თავის „ტვიტერში“ ალექსანდრე ლებედევმა  გამოაქვეყნა ცნობილი ფრაგმენტი ფილმიდან „ძაღლის გული“ ფრაზით: „არ წაიკითხოთ საბჭოთა გაზეთები სადილობამდე“ და დაამატა: „როგორც ჩანს, ზოგიერთი ინგლისური გაზეთის კითხვაც მავნებელია“.

ალექსანდრე ტემერკო – კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენი, რომელიც მოხსენებაშია მითითებული, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოყალიბების მიზნით შექმნილი კომისიის წევრი იყო, მოგვიანებით კი „იუკოს“-ში გადავიდა და მუშაობა მიხეილ ხოდორკოვსკისთან ერთად დაიწყო, კომპანიის მმართველი საბჭოს წევრად. მოგვიანებით, როცა ალექსანდრე ტემერკო კორუფციასა და თაღლითობაში ამხილეს, მან რუსეთიდან წასვლა მოახერხა. ამჟამად იგი ბრიტანეთში ბიზნესსაქმიანობას ეწევა.

„ინგლისში ნაციონალიზმი მძლავრობს. ბიზნესმენთა ის სია, რომელსაც მოხსენება შეიცავს და რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ბრიტანული ნაციონალიზმის გამოვლენაა“, – თქვა ალექსანდრე ტემერკომ „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში. იგი არ მალავს იმას, რომ ბორის ჯონსონთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, ამბობს იმასაც, რომ იგი არამარტო ფინანსურად უჭერს მხარს კონსერვატორებს, არამედ ამ პარტიის წევრიც არის და აქტიურად მონაწილეობს პარტიულ ცხოვრებაში. ინტერვიუში ალექსანდრე ტემერკო აღიარებს, რომ იგი არამარტო ბიზნესმენია, არამედ ის პოლიტიკოსიც, რომელიც დიდ ბრიტანეთს საკუთარ სახლად თვლის.

რატომ გადაიდო მოხსენების გამოქვეყნება?

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა მოხსენებას იმის შესახებ, თუ როგორ ჩაერია რუსეთი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის რეფერენდუმსა (2016 წლის 23 ივნისს) და არჩევნებში (2017 წლის 8 ივნისს). ბრიტანეთის პარლამენტის წევრები მოუთმენლად ელოდებოდნენ მოხსენების გამოქვეყნებას – განსაკუთრებით იმიტომ, რომ 12 დეკემბერს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა დანიშნული: როგორც ითვლება, მოხსენების შინაარსი და მასში გაკეთებული დასკვნები ამომრჩეველს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

მაგრამ მოხსენება არ გამოქვეყნებულა. დეპუტატების მტკიცებით, ამაში პრემიერი ბორის ჯონსონი და მისი მთავრობაა დამნაშავე: სწორედ ბორის ჯონსონს უნდა შეეფასებინა მოხსენება – შეიცავს თუ არა დოკუმენტის ტექსტი ისეთ მონაცემებს, რომელთა გამჟღავნება ხელს შეუშლის ბრიტანეთის დაზვერვის საქმიანობას. ექსპერტთა თქმით, ჩვეულებრივად ეს პროცესი ათი სამუშაო დღე გრძელდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გაჭიანურდა.

საბოლოო ჯამში მთავრობამ მოხსენების გამოქვეყნება გადადო. აშკარად ჩანს, რომ დოკუმენტი არჩევნებამდე დეპუტატებისა და ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელი იქნება. აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტული პარტიის ბევრმა დეპუტატმა მთავრობის გადაწყვეტილება პოლიტიზებულად ჩათვალა.

„ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში ალესანდრე ტემერკომ განაცხადა, რომ იგი მომხრეა მოხსენება გამოქვეყნდეს: „ნამდვილად არ ვიცი, თუ რატომ გადადო მთავრობამ მოხსენების გამოქვეყნება“, – თქვა რუსმა ბიზნესმენმა.

მაინც რა წერია მოხსენებაში?

ზუსტად არავინ არაფერი არ იცის. მოხსენებას უბრალო სათაური აქვას: „რუსეთი“. ავტორები ჩუმად არიან და დოკუმენტის შინაარსის შესახებ კომენტარებს არ იძლევიან.

შესაძლოა საპარლამენტო მოხსენებაში მართლაც არის რაღაც ცალკეული დამოწმებები და მინიშნებები, მაგრამ მთავრობის წევრებმა უკვე განაცხადეს, რომ არავითარი ფაქტები, რომლებიც მოწმობენ რუსეთის წარმატებულ ჩარევას დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში და ბრექსიტის რეფერენდუმში, მოხსენებაში არ აღმოჩენილა.

Sunday Times-ის სტატიაში კი, რომელიღაც დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით, წერია, რომ ცხრა რუსი ბიზნესმენი კონსერვატიულ პარტიის დონორები არიან და ფულით ამარაგებენო, თუმცა ხაზს უსვამს – ის ფაქტები, რომლებიც პარტიისადმი ფულის შეწირვას ასახავს, კანონის თანახმად, მტკიცებულებებად არ გამოდგება.

შეუძლიათ თუ არა რუსებს ბრიტანული პარტიის დონორობა?

მოკლე პასუხი ამ კითხვაზე ასეთი იქნება: თუ ადამიანი ბრიტანელ ამომრჩევლად არის დარეგისტრირებული, მაშინ მას ფულის შეწირვა შეუძლია.

სრული პასუხი კი ასეთია: ბრიტანეთის პარტიებს შეუძლიათ შეწირულებები მიიღონ ბრიტანეთისა და ირალანდიის მოქალაქეებისაგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ პირს ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს, მას ბრიტანული პარტიის დონორობა აკრძალული აქვს. სხვათა შორის, მათი სრული სია, ვისაც პარტიების დონორობის უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული

„დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური პარტიებისადმი შეწირულებების საკითხში ძალიან მკაცრი კანონები მოქმედებს, – ამბობს ინგლისელი პოლიტიკოსი კრის გრეილინგი, რომელიც ტერეზA მეის მთავრობის წევრი-მინისტრი იყო, – თანხის შეწირვის უფლება მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეს აქვს, თანაც ბრიტანეთში წარმოებული ბიზნესის საფუძველზე. რეალობა ისეთია, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ფულს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არ არიან“.

გარდა ამისა, საპარლამენტო პარტიების დონორების სია საიდუმლო არ არის – საარჩევნო კომისიის საიტზე ქვეყნდება ყველა კომპანიისა და პირების დასახელება, აგრეთვე შეწირული თანხის რაოდენობაც. თუმცა ისიც აშკარაა, რომ მკაცრი კანონმდებლობა ბრიტანულ პარტიებს უკანონოდ დაფინანსების ბრალდებების მცდელობისაგან არ იცავს. საპარლამენტო მოხსენებაც სწორედ  ამ შემთხვევას წარმოადგენს.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-50351707