ჩინეთში საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა

0
249

ჩინეთში გავრცელებული უცნობი ვირუსის გამო საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიურმა უწყებამ ცხელი ხაზი ჩართო. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +86 137 168 77 635.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქ. უხანში გამგზავრებისგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

ამჟამად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

უხანის შემდეგ კარანტინი ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქ ჰუანგანში გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 500-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ – ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.