კორონავირუსის გამო, შესაძლოა, საერთაშორისო დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

0
283

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მგზავრობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაცია ამ ეტაპზე არ გაუცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე აცხადებს, რომ ორგანიზაცია ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. გუშინ, 22 იანვარს ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც კორონავირუსზე იმსჯელეს.

სხდომის მიზანი იყო სიტუაციის გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, გამოცხადდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე. სილვიუ დომენტეს თქმით, კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ანგარიშები, ასევე მიიღეს ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებისგან და სხვა ქვეყნების მთავრობებისგან, სადაც ვირუსი გამოვლინდა.

კომიტეტის სხდომაზე გუშინ განხილული ინფორმაცია არ იყო სრულად საკმარისი. ამიტომ გადაწყდა, რომ კომიტეტი დღეს კვლავ გამართავს სხდომას დამატებითი ინფორმაციის განსახილველად. შესაძლოა, დღეს უკვე საბოლოო გადაწყვეტილება გახდეს ცნობილი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანა მოემზადოს საერთაშორისო დონეზე შესაძლო საგანგებო მდგომარეობისთვის.

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ – ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.