“ოცნებამ“ და კალაძემ ახლა იმაზე იფიქრონ, 2024 წლამდე კი არა, ოქტომბრამდე როგორ მიაღწიონ – გრიგოლ ვაშაძე

0
258

დღეს ახალი საჩუქარი გაუკეთეს საქართველოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოაცხადა, რომ 2024 წელშიც არ იქნება პროპორციული არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ და კახა კალაძემ იმაზე უნდა იზრუნონ, არათუ 2024 წლამდე, არამედ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე მიაღწიონ.

„მუდმივად იმის მოლოდინში ვიმყოფებით, კიდევ რა სისულელეს გააკეთებს ან იტყვის ე.წ. ქართული ოცნება. აი, დღეს ახალი საჩუქარი გაუკეთეს საქართველოს. თბილისის მერმა გამოაცხადა, რომ 2024 წელშიც არ იქნება პროპორციული არჩევნები. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამ დაპირებებს იძლევა ადამიანი, რომელიც 2024 წელში თვითონ არ იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ყველა, რომ 2024 წელს პროპორციულად ჩატარდება არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ და ბატონმა კალაძემ იმაზე უნდა იფიქრონ ახლა, 2024 წლამდე კი არა, ოქტომბრამდე როგორ უნდა მიაღწიონ, რადგან ქუჩაში რომ გამოვიდნენ და საქართველოს მოქალაქეებს დაელაპარაკონ, გაიგებენ რას ფიქრობს დღეს მთლიანად ერი ამ კორუფციულ და კრიმინალურ დაჯგუფებაზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი პროპორციული არჩევნებისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციაში გაწერა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლებლობა რომ იყოს, ცვლილებები განსახორციელებელია.