ევროპარლამენტისგან არანაირ სანქციებს არ ველოდებით, რადგან საქართველო არის თანმიმდევრული კონსტიტუციაში ასახული პრიორიტეტების განხორციელებაში და დემოკრატიის განმტკიცებაში – დავით ზალკალიანი

0
256

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტისგან რაიმე ტიპის საქნციებს არ ელოდებიან, ვინაიდან საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ასევე დგამს ნაბიჯებს დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.

„არანაირ სანქციებს არ ველოდებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული. ასევე ვართ თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების კუთხით, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით“ ,- განაცხად დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეუთო-ს სტანდარტებს შეესაბამება.

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი ვალდებულება არის და ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ფორმატში, საქართველო არის ერთგული მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების.

საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორც შეესაბამება ეუთო-ს სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა საერთაშორისო დამკვირვებელთან, მათ შორის ეუთო/ოდირის ოფისთან და არაერთხელ იყო გაცხადებული ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მხრიდან, მათ შორის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან,რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს, იქნება აუცილებლად გათვალისწინებული“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, მინისტრის თქმით, ძირითადი მიზანი იყო ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი ვითარების გაცნობა და მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების კითხვებთან დაკავშირებით კი ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ქართული მხარე  მზად იყო, მათთვის ასევე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა საქართველოს წარმომადგენლებს საკმარისი დრო არ ჰქონდათ.

„რაც შეეხება ევროპარლამენტს, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში დებატები. იცით, რომ დებატების ძირითადი მიზანი გახლდათ ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა, მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრვიია, იქ იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად, ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენლებს, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს“ ,- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებთან მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო, რათა მათ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ.

„ვფიქრობ, ჩვენ კიდევ გვექნეება საშუალება, საქართველოს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ვართ და საჭიროა მუდმივი საუბარი, მუდმივი დიალოგი, რომ მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.