კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს – ჩინეთის ხელისუფლება

0
260

კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს. ექიმებმა ასევე დაადასტურეს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ველური ცხოველების არალეგალური ბაზრობიდან გავრცელდა.

ამჟამად ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთის გარდა, ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის აშშ-ში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.

ჩინეთში აცხადებენ, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული სისტემის გავლით გადადის. მთავრობის ცნობით, ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში 2000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რაც მათი დაავადების საფრთხეს აჩენს.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქ უხანში საგანგებო ზომები მიიღეს. ხდება ქუჩების დეზინფექცია. ამავე დროს მოქალაქეებს ქალაქიდან გამგზავრებისგან და მასობრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ამავე დროს ქალაქში აკრძალულია ფრინველითა და ცხოველებით ვაჭრობა. პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადაყვანილი.

დღესვე ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საგანაგებო სხდომა გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. სავარაუდოდ ორგანიზაციის წევრები ახალ ვირუსს გლობალური ჯანდაცვის საფრთხედ გამოაცხადებენ.