თეა წულუკიანმა პარლამენტში საკანში გადაღებული ვიდეო წარმოადგინა

0
349

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა ვიდეო, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიერ საკანში მონიტორინგის განხორციელების პროცესი არის აღბეჭდილი.

იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ციხეებში ე.წ. მაყურებლების არსებობაზეა საუბარი.

„რაც შეეხება იმ საკითხს, რომ შემოდის ახალი პატიმარი და მას უმასპინძლდება ვიღაც პატიმარი ყავით, თუ ჩაით და თქვენი ეჭვით, ეს უნდა იყოს მაყურებელი,  მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მითხარით ამ ე.წ. მეჩაიე, თუ მეყავე მაყურებლის გვარი და სახელი, რომ ის დაისაჯოს, მაგრამ თქვენ ალბათ, ამას არ იტყვით, „აიდი ბარათებისა“ არ იყოს, იუსტიციამ დაბეჭდაო და შემდეგ რომ დაიბარეს ამ განცხადების ავტორები, ეს თქვენ არ ბრძანდებოდით, თქვეს, „არ ვიცით, ასე გვითხრეს და“.. არ ვიცით, ასე გვითხრეს და კი არა,  უნდა თქვათ სახელები და გვარები“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ვიდეო, რომელზეც საუბარია, 2019 წელს არის ჩაწერილი საკანში, რომელიც ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა.

„ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს, შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური შემთხვევები. თუმცა, მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ჩაცმულობა გააკრიტიკა.

„ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. როცა თქვენ მე მსაყვედურობთ, რომ გეგუთში თანამშრომელს ფორმა არ ეცვა და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ისრით რომ არ იყოს მონიშნული, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება, მიხვდე, რომ ჩვენ ქუდის, მათ შორის კაპიუშონის ტარების უფლებას არ ვაძლევთ პატიმარს და ბასკური ბერეტით შეიძლება, მიხვდე, თუმცა ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული ანგარიში წარადგინა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ იმ მსჯავრდებულთან განხორციელებული მონიტორინგი

სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ იმ მსჯავრდებულთან განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც მოთავსებულია, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ვიდეოსამეთვალყურეო კამერით აღჭურვილ საკანში (სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიშნულია წითელი ისრით; ის მიირთმევს პატიმრის მიერ მომზადებულ ყავას, ეწევა მის სიგარეტს, მიირთმევს პატიმრის შოკოლადს და სარგებლობს პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით).

Gepostet von სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia am Dienstag, 21. Januar 2020