პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება – სახალხო დამცველი

0
197

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული ანგარიში გააცნო.

ლომჯარიმ ყურადღება ციხეებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტზე გაამახვილა. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, მე-15 დაწესებულების ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ მოქმედი არაფორმალური ლიდერებისთვის, ე.წ. ციხის მაყურებლებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი, დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ 2018 წელს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში, სადაც ძალიან ცალსახად და ხმამაღლა იქნა ნახსენები საქართველოს ციხეებში არსებული ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტი. კონკრეტულად, პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) აღნიშნავს, რომ ნომერ მე-15 პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებობს განსაკუთრებით სახიფათო, პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე დაფუძნებული ურთიერთობები, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მე-15 დაწესებულების ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ მოქმედი არაფორმალური ლიდერებისათვის, ე.წ. ციხის მაყურებლებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. კომიტეტის აზრით, ამ ფონზე დაწესებულებაში არის გაზრდილი პატიმართა მიმართ  ძალადობისა და დაშინების რისკი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის.

„მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ თითოეული საკნის „საწევრო“ გადასახადის ეკვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ კი, პატიმრები სიგარეტს არა მაღაზიაში, არამედ „მაყურებლისგან“ ყიდულობენ. მათი ახლობლები თანხას რიცხავენ „მაყურებლების“ მიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშებზე ან სპეციალურად გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე“, – განაცხადა ომბუდსმენმა.