არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

0
208

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები ბრალდებულთათვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდნენ და სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს. მათი განცხადებით, არ არსებობს ბრალდებულთა მიერ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე არ დაადასტურა ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაცია, თითქოს ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. საქმის პროკურორის თქმით არც დღევანდელ სხდომაზე და არც საგამოძიებო უწყებისთვის ადვოკატს ეს ინფორმაცია არ მიუწოდებია და მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.