ოპოზიცია „ხელისუფლების უზურპაციის“ წინააღმდეგ მოსკოვში აქციას გამართავს

0
226

რუსეთში, ოპოზიცია აქციის გამართვასთან დაკავშირებით მოსკოვის მერიაში განაცხადს შეიტანს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ილია იაშინმა, დაწერა.

მისი ინფორმაციით, აქციის გამართვა 29 თებერვალს იგეგმება, და ის რუსეთის პრეზიდენტის მიერ დააანონსებულ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას მიეძღვნება.

პუტინის მიერ 15 იანვარს, ფედერაციის საკრებულოსადმი მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რომელიც შეეხება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დანიშვნას, რომელსაც სახელმწიფო დუმა განახორციელებს.

იაშინის თქმით, აქციის გამართვის გადაწყვეტილება ბორის ნემცოვის მარშის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო, რომელშიც შედის „სოლიდარობა“, კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, „იაბლოკო“, პარნასი, ლიბერტარიანული პარტია, ცვლილებების პარტია და „მემორიალი“.

„ეს პოლიტიკური მარში იქნება, რომლის მთავარი მიზანია – უზურპაციის წინააღმდეგ გამოსვლა. ბოლოსდაბოლოს, ზუსტად ამისთვის იბრძოდა ბორის ნემცოვი და ამისთვის სიცოცხლეც გაწირა“,-დაწერა იაშინმა.

მისი თქმით, საზოგადოებას „დიდი და ნამდვილად მასშტაბური აქცია სჭირდება“.

რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ბორის ნემცოვი, 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მოკლეს.