მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე: ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა

0
259

ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.

ამ დროისთვის ვირუსით დაინფიცირებული 170 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, მათგან 35-ის მდგომარეობა მძიმეა, ცხრა პაციენტი კი მართვით სუნთქვაზეა.

ქალაქ ვუჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსიც კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს), რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მაშინაც ეპიდემიის გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი, რომელიც აქამდე ადამიანებში არ გამოვლენილა ასობით სიცოცხლეს შეიწირავს. ამერიკის ბრიტანეთის ტაილანდისა და იაპონიის აეროპორტებში ახალი ვირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ექიმები ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მათი ინფორმაციით, ეს კორონავირუსის ერთ-ერთი მიკროორგანიზმია, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა.

“არის საშიშროება ვირუსი ძალიან სწრაფად და მსოფლიო მასშტაბით გავრცელდეს. აუცილებელია იმის დადგენა, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, როგორ ვუმკურნალოთ ამ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს. მკურნალობის სპეციალური კურსი, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისკენ იქნებოდა მიმართული, არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, ცხოველებისგან მომდინარეობს ის თუ არა. ბევრი შეკითხვაა. პასუხები კი არ გვაქვს,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკოვი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

დამატებითი ზომები მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს სინგაპურსა და ჰონგ-კონგშიც.

უცნობი წარმოშობის ვირუსის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ პნევმონიის გამომწვევ ახალ ვირუსს ნაცნობი რესპირაციული დაავადებების მსგავსი სიმპტომები აქვს. ამ ეტაპზე ცენტრში ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებიან, მანამდე კი აეროპორტებში მგზავრების სამედიცინო შემოწმების აუცილებელი არ არის.