პარლამენტი ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას დღეს ოფიციალურად შეუჩერებს

0
325

„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს, პლენარულ სხდომაზე შეუჩერებენ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

თემურ გოცირიძე პროფესიით სოციოლოგია და ამჟამად დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის არის საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ „პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.

„საქართველოს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების საკითხი არის დარეგულირებული საქართველოს კონსტიტუციის მუხლებით. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით. ამ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ვანო ზარდიაშვილის პირადი განცხადება. შესაბამისად, მისი ადგილმონაცვლე იქნება სიით მომდევნო კანდიდატი. ამ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი ზარქუამ უარი თქვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე და მას შემდეგ სიით მოდის ბატონი თემურ გოცირიძე. გოცირიძემ განაცხადა თანხმობა და მას სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი იმავე მუხლების საფუძველზე უყრის კენჭს მის კანდიდატურას“, – განაცხადა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია დაასახელა.