ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

0
182

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე დღეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. ბრალდების მხარემ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რობაქიძეს გირაოს სახით 7000 ლარის გადახდა დააკისრა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და რობაქიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

თუმცა, ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, რობაქიძე ბოდიშს იხდის ოხანაშვილის შეურაცხყოფაზე, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა. მისივე თქმით, რობაქიძეზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

​ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ) და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა, ძალადობის მუქარით ჩადენილი ქმედება, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს).

შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში 14 იანვარს მოხდა.