ერგნეთში დღეს მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდება

0
237

დღეს ერგნეთში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, მთავარი საკითხი კი ისევ სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები იქნება. ამ საკითხზე მხარეების პოზიციები პრინციპულად უცვლელია. დეფაქტო ცხინვალი ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს აღებას ისევ ითხოვს. ქართული მხარე კი განმარტავს, რომ საგუშაგოს მიზანი უსაფრთხოების დაცვაა და მისი დემონტაჟი არ განიხილება.

შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ მოითხოვს 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილი ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების გახსნას. ჰუმანიტარული კრიზისის გარდა ადგილობრივები სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. გამშვები პუნქტების გახსნისკენ დეფაქტო ცხინვალს მოუწოდებს ევროკავშირიც.

ევროკავშირის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით ერგნეთში ტექნიკური შეხვედრები მას შემდეგ იმართება, რაც 29 აგვისტოს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დეფაქტო ცხინვალის მიზეზით ჩაიშალა.

ამ ფორმატში შეხვედრების აღდგენისკენ მხარეებს ჟენევის თავმჯდომარეები მოუწოდებენ, რადგან ტექნიკურ შეხვედრებზე მხოლოდ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები და აქედან გამომდინარე გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განიხილება.

ორ თვეზე მეტია, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ახალგორის მოსახლეობას პრობლემები ექმნება. ტრაგიკული შემთხვევა სწორედ ამ შეზღუდვას მოჰყვა, როდესაც ადგილობრივები თბილისში სამკურნალოდ ჩასვლას ვერ ახერხებენ.

29 ოქტომბერს, ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ კი ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას ისევ ითხოვს.

გარდა ამისა, 6 ნოემბერს დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდადან, სადაც საქართველოს პოლიციის საგუშაგოა განთავსებული, მათი მიმართულებით ავტომატური იარაღიდან 10-15-ჯერ გაისროლეს. სუს-ში ეს ინფორმაცია მორიგ პროვოკაციად შეაფასეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კი კოდასთან სროლის ფაქტი არ დაადასტურა.