დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს

0
170

დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს. მის წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:

„მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან“.

ცნობისთვის, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ მთავარია, ბავშვები პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, ჯობია “პარაზიტი” პატარა მოკვდეს.

“ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”,– ამბობს დეკანოზი საკვირაო ქადაგებისას.