გენერალური პროკურორობისთვის 14 კანდიდატი იბრძოლებს

0
235

გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურო საბჭოს კიდევ 5 კანდიდატი წარედგინა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარმოდგენილი.

ამ დროის მონაცემებით გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის იბრძოლებენ:

გრიგოლ გაგნიძე – ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი. მისი კანდიდატურა წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ „ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”, ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.

რაულ გამისონია – ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი , მისი კანდიდატურა გენპროკურორობის ვაკანტურ თანამდებობაზე შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა წარადგინა.

სოფიო შენგელია – შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, მისი კანდიდატურა შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

პაატა გაბელია -საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი, მისი კანდიდატურა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარადგინა.

ფიქრია ზირაქაშვილი – შპს „ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი, ზირაქაშვილის კანდიდატურა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარადგინა.

ვალერიან ვაჭარაძე – იურისტი, მისი კანდიდატურა იურიდიულმა კომპანიამ ,,ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“ წარადგინა.

მერაბ გამყრელიძე – იურისტი, გამყრელიძემ გენპროკურორობის ვაკანტურ თანამდებობაზე პირადად მიმართა საპროკურორო საბჭოს.

დავით კონაშვილი – იურისტი, მან საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

ირაკლი შოთაძე – იურისტი, საბჭოს საჯარო სამართლის, შოთაძის კანდიდატურა იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

დავით ზირაქაშვილი – იურისტი,მის კანდიდატურას რეკომენდაციას საქართველოს იურისტთა ასოციაციამ გაუწია.

ვიქტორ ახალბედაშვილი – იურისტი, მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარადგინა.

კობა კობახიძე – ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, კობახიძის კანდიდატურა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.

დარიკო თორდია – ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მისი კანდიტურა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.

ვალერი კვანტალიანი – ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საპროკურორო საბჭოს მისი კანდიდატურა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარუდგინა.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მესამედ შეარჩევს. ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა.

შეგახსენებთ, მთავარი პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური ,რაც შალვა თადუმაძემ უზენაესში სასამართლოში გადაინაცვლა.