აშშ-ის ახალი ელჩი: საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია

0
197

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია. ახალი ელჩის კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დეგნანის განცხადებით, მისი, როგორც ახალი ელჩის მიზანია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით.

13 იანვარს აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა. ელჩებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს.

საქართველოს ელჩი ფიცის დადების ცერემონიასაც დაესწრო.

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტურია. 2015 წლიდან 2018 წლამდე ამ პოსტს იან კელი იკავებდა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს. მანამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ პოზიციას როს უილსონი ითავსებდა.

კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც საქართველოში დანიშვნამდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.