ვლადიმერ პუტინის ზრახვანი: რატომ ცვლის პრეზიდენტი რუსეთის კონსტიტუციას?

0
248

რუსეთის თანამედროვე ისტორიაში 15 იანვარს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც ძალზე შორსმიმავალ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. ჯერ ერთი, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საკრებულოს მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა წამოაყენა, მეორე – გადადგა (გადააყენა) მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევიანად და იმავდროულად ახალი პრემიერიც დანიშნა.

დასავლეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული პროცესების ფონზე, ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯებს.

 კონსტიტუციური ცვლილებები: რა მიზნით?

პრეზიდენტმა თავის ვრცელ მიმართვაში სახელმწიფო სათათბიროს წევრებს ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილებები წარუდგინა, რომლებსაც შემოკლებით ასეთი სახე აქვთ:

ა) დამტკიცდეს რუსეთის კონსტიტუციის პრიორიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულებებზე; ბ) აეკრძალოთ რუსეთის ჩინოვნიკებს და მოსამართლეებს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება სხვა სახელმწიფოებში; გ) მოეთხოვოთ პრეზიდენტობის კანდიდატებს რუსეთში 25-წლიანი მუდმივი ცხოვრება, ისინი არასოდეს არ უნდა იყვნენ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები; დ) ამოღებული იქნეს სიტყვა “ზედიზედ” კონსტიტუციის იმ მუხლიდან, რომელიც პრეზიდენტს ორჯერ მეტად არჩევას უკრძალავს; ე) შეიქმნას საჯარო ხელისუფლების ისეთი სისტემა, რომელშიც შევლენ როგორც ცენტრალური სახელმწიფო ორგანოები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები; ვ) შემოღებული იქნეს შრომის მინიმალური ანაზღაურება და პენსიის აუცილებელი ინდექსაცია; ზ) გადაეცეს სახელმწიფო სათათბიროს პრეზიდენტის უფლება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების დამტკიცების შესახებ; თ) მიეცეს ფედერაციის საბჭოს უფლება მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით; ი) მიეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, რომ პრეზიდენტის მოთხოვნით შეამოწმოს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობა მათ ხელმოწერამდე.

 რატომ გადადგა პრემიერმინისტრი?

პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომა გამოაცხადა და თავისი მოქმედება ასეთი არგუმენტით ახსნა:

“კონსტიტუციის ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება, რომ ამ დროს მთავრობამ პრეზიდენტს ყველანაირი შესაძლებლობა უნდა მისცეს მისი განხორციელებისათვის. ვფიქრობ, სწორედ ის შემთხვევაა, როცა მთავრობა, კონსტიტუციის 117-ე მუხლის თანახმად, მთავრობა უნდა გადადგეს”.

ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება რუსული საზოგადოებისათვის მოულოდნელი იყო, მაგრამ, რუსეთის მმართველი რეჟიმის თავისებურებების გათვალისწინებით, რასაკვირველია, გადადგომის საკითხი წინასწარ იყო შეთანხმებული “პრეზიდენტ-იმპერატორთან”.

საბოლოოდ კი, როგორც ჩანს, დიმიტრი მედვედევს “ჩამოალაბორანტებენ”- მას ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზა.
გუშინვე პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დაასახელა – მან სახელმწიფო სათათბიროს მთავრობის მეთაურის პოსტზე დასამტკიცებლად ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხეილ მიშუსტინი წარუდგინა. თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანომ ახალი პრემიერი 16 იანვრის სხდომაზე სასწრაფოდ დაამტკიცა.

 შტრიხები რუსეთის ახალი პრემიერის პორტრეტისათვის

მიხეილ მიშუსტინი დაიბადა 1966 წლის 3 მარტს, ქ. მოსკოვში. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩარხმშენებელი ინსტიტუტი და მიენიჭა „ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის“ კვალიფიკაცია. სწავლა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა, რომელიც 1992 წელს დაასრულა. 2003 წელს მიხეილ მიშუსტინმა დისერტაცია დაიცვა რუსეთის გიორგი პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ აკადემიაში თემაზე „სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმი რუსეთში“, მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება., მოგვიანებით კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორიც გახდა.

1992 წლიდან მიხეილ მიშუსტინი მუშაობდა კომპიუტერულ კლუბში, იყო სატესტო ლაბორატორიის უფროსი, საერთაშორისო კომპიუტერული კლუბის მართვის საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წელს სახელმწიფო სამსახურში შევიდა – დაინიშნა რუსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწედ, ხოლო 1998 წლის აგვისტოდან – მის მოადგილედ. 1999 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე მუსაობდა რუსეთის საგადასახადო მოსაკრებლების მინისტრის მოადგილედ, შემდეგ – რუსეთში უძრავი ქონების ობიექტების ფედერალური კადასტრის სააგენტოს ხელმძღვანელად (ეს სტრუქტურა გაუქმდა 2009 წელს).

მიხეილ მიშუსტინი 2010 წლის 6 აპრილიდან რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელია. იგი იმავდროულად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა – არის ჰოკეისტთა ცენტრალური სპორტული კლუბის (ЦСКА) დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, ითვლება აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სახელმწიფო სამსახურისა და სახალხო მეურნეობის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად. მიხეილ მიშუსტინის ჰობი სპორტი (ჰოკეი) და მუსიკაა, იგი მშვენივრად უკრავს როიალზე.
დაჯილდოებულია საპატიო ორდენით (2012 წელს), ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“ (2015 წელს), მიღებული აქვს რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერის მადლობები.

მიხეილ მიშუსტინის დეკლარირებული შემოსავლების რაოდენობამ 2018 წლისათვის 18 მილიონ 998 ათასი რუბლი შეადგინა, მისი მეუღლის – ვალენტინა მიშუსტინას შემოსავლებმა კი თითქმის 2,5-ჯერ მეტი – 47 მილიონი რუბლი. ვალენტინა მიშუსტინა საერთაშორისო კომპიუტერული კლუბის თანადამფუძნებელია.

მიშუსტინებს სამი ვაჟი ჰყავთ, რომლებიც 19, 18 და 10 წლისანი არიან.

დამკვირვებელთა შეფასებით, მიხეილ მიშუსტინი პოლიტიკოსი არ არის, იგი ეფექტური ტექნოკრატია, შესაბამისად, საეჭვოა, რომ პრემიერის სავარძელი მისთვის ტრამპლინი გახდეს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად (თუმცა ამ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს).

 ვლადიმერ პუტინის გეგმები: „პანდორას ყუთი“?

დასავლურ პრესაში ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო სათათბიროს წინაშე მიმართვისა და ახალი პრემიერის წარდგენასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი კომენტარები ვრცელდება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან რუსეთის ლიდერის ყოველ ნაბიჯი უცხოეთი „გამადიდებელი შუშით“ აკვირდება, მით უმეტეს, მის საკადრო დანიშვნებს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

„ვლადიმერ პუტინმა ბევრი ილაპარაკა, მაგრამ თავის გეგმებს ნათელი მაინც არ მოჰფინა. პირიქით, მან სავარაუდო შესაძლებლობებით სავსე „პანდორას ყუთი“ გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ გაურკვეველ სიტუაციას პოლიტიკურ ელიტა წონასწორობიდან გამოჰყავს, ფაქტია, რომ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ რჩება იმ მთავარ ღერძად, რომელზეც მთელი ქვეყანა ტრიალებს“, – წერს ამერიკული გაზეთის The New York Times-ის კორესპონდენტი ენდრიუ ჰიგინსი.

 პრეზიდენტი თავის მომავალ ბედზეც ფიქრობს

როგორც ტონი ბრენტონი, რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ამბობს „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან საუბარში, „რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინს ახლა პრობლემები აქვს. ჯერ ერთი, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა ეკონომიკურმა ზომებმა რუსეთის ხელისუფლების პოპულარობა მოსახლეობაში ძალიან შეარყია. მეორე მომენტი ისაა, რომ პრეზიდენტს პირადი პრობლემაც აქვს, რაც 2024 წლისათვის მისი მმართველობის ვადის დასრულებაში გამოიხატება. ჩემი დაკვირვებით, ვლადიმერ პუტინმა ამ პრობლემების გადაწყვეტა დაიწყო: მისი განცხადებები მოწმობს, რომ თავისი უფლებამოსილების ნაწილს პარლამენტს და რიგ სხვა ცენტრალურ სტრუქტურებს გადასცემს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ისეთ ვერტიკალს ააგებს, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ბედს – 2024 წლის პრობლემას გადაწყვეტს“.

„დიმიტრი მედვედევის გადადგომა უძლიერესი რყევაა რუსეთის ხელისუფლებაში, რომელიც კი ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის ბოლო 10 წლის მანძილზე მომხდარა. დიმიტრი მედვედევი ყოველთვის ასრულებდა იმ ადამიანის როლს, რომელსაც საკუთარი ამბიციები არ ჰქონდა. ბუნებრივია, ასეთი პიროვნება საბოლოოდ იქ აღმოჩნდებოდა, სადაც ახლა აღმოჩნდა, ანუ გაურკვეველ ადგილზე“, – ამბობს „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში ლონდონის ქინგზ-კოლეჯის თანამშრომელი სემ გრინი.

„ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იმას მოწმობს, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ ხელისუფლებას მაინც არ დათმობს. იგი ფიქრობს, რომ მის გარეშე ყველაფერი დაინგრევა. საერთოდ კი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მოსახლეობის უმრავლესობა ჩვეულებრივად ხვდება – რევოლუცია ხომ მაშინ ხდება, როცა ხალხს პური არ აქვს და მაღაზიის თაროები ცარიელია. რუსეთში ეს არ შეინიშნება“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთ Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რას ნიშნავს პუტინისეული მოდერნიზება რუსეთისათვის“.
„მიხეილ მიშუსტინს ტექნოკრატად თვლიან, პოლიტიკური ამბიციების გარეშე, რაც იმას მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინს თავისუფლად შეუძლია კონსტიტუციის ცვლილებების შეტანით თავისი მომავალი უზრუნველყოს – დარჩეს რუსეთის უზენაეს მმართველად 2024 წლის შემდეგაც“, – წერს ამერიკულ The Washington Post-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ფრაი სტატიაში „რუსეთის პრემიერი გადადგა, ვლადიმერ პუტინს კი შორსმიმავალი გეგმები აქვს – მას ხელისუფლებაში დარჩენა სურს“.

ფრანგულ Le Monde-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით (სათაური „ვლადიმერ პუტინი ქვეყნის მართვას აგრძელებს – მან რუსეთის მომავალი კონტურები გამოხატა“ – ავტორი ბენუა ვიტკინი), „მუსიე ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის (ანუ საკუთარი თანამდებობის) დასუსტება კი არ სურს, არამედ რიგი უფლებამოსილების გაძლიერება. მას ძალიან კარგად ახსოვს, თუ როგორი შეცდომა დაუშვა დიმიტრი მედვედევმა ლიბიის საკითხში ჩაურევლობით 2011 წელს, როცა მოსკოვის მხარდამჭერი მუამარ კადაფი დაემხო. ამ ეპიზოდმა ძლიერი გავლენა მოახდინა ვლადიმერ პუტინზე. იგი მსგავს პრეცედენტს აღარ დაუშვებს“.

————-

მოკლე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:

დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები, დასავლური პრესა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დაგეგმილი პერსპექტიული საკონსტიტუციო და უკვე რეალიზებული სამთავრობო ცვლილებები მისი საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურება. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ გეგმებს, სათათბიროსადმი მიმართვაში გამოხატულს, საკონსტიტუციო ცვლილებების პოლიტიკური ნაწილის ფონზე ისინი მხოლოდ მეორეხარისხოვან ე.წ. „გვერდით მოვლენებად“ შეიძლება მივიჩნიოთ.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

————

წყაროები:
https://tass.ru/info/752950
9
https://www.bbc.com/russian/news-51129621…
https://www.nytimes.com/…/europe/medvedev-putin-russia.html…
https://www.washingtonpost.com/…/russias-prime-minister-ha…/ https://www.lemonde.fr/…/vladimir-poutine-prepare-l-apres-2…