„ენდიაის“ კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებს – გია ვოლსკი

0
266

წლების განმავლობაში, ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც „ენდიაის“ ეგიდით მოქმედებს, აჟიოტაჟს ქმნის მედიასივრცეში, საზოგადოებაში იმ კვლევების შედეგებით, რომელსაც პერიოდულად, გაუგებარი მიზნებით აქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ენდიაის“ კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებს.

„არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, ასეთ ორგანიზაციას სულ ცოტა აუკრძალავდნენ საქმიანობას. მათი კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებს, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, თუ რატომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები ამ კვლევებს. გარდა ამისა, მე თავად მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ პრაქტიკულად მინიმუმი იცის. პარლამენტის საქმიანობა ფასდება მხოლოდ იმ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეჯახებებით, რომელსაც მედია, როგორც დაინტერესებული მხარე, აშუქებს. რომელი კანონები იქნა მიღებული მიწებთან დაკავშირებით, მიწების რეგისტრაციაზე, ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წევრებმა, გამოკითხულებმა, ეს არ იციან. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვასაც არ სვამს ორგანიზაცია, ვფიქრობ, შეგნებულად, რომ საზოგადოებას მეტი ანალიზის საშუალება არ ჰქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ენდიაის“ კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი – „ნაციონალურ მოძრაობას“, 14 პროცენტი – არცერთ პარტიას.