„ენდიაის“ კვლევაში ინსტიტუტებს შორის საქართველოს ჯარი, მართლმადიდებელი ეკლესია და პოლიცია ლიდერობენ

0
191

საქართველოს ჯარს კარგად გამოკითხულთა 44 პროცენტი აფასებს, ძალიან კარგად რვა პროცენტი, საშუალოდ 31, ხოლო ცუდად ცხრა პროცენტი, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების შეფასებაში მეორე ადგილზეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად 13 პროცენტი აფასებს, კარგად – 37 პროცენტი, საშუალოდ – 25 პროცენტი, ხოლო ცუდად – 10 პროცენტი.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს პოლიციას ძალიან კარგად ექვსი პროცენტი აფასებს, კარგად – 37 პროცენტი, საშუალოდ – 35 პროცენტი, ხოლო ცუდად – 15 პროცენტი.

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში მომდევნო ადგილზეა სასამართლო და პარლამენტი, რომელთა შეფასება, კვლევის ავტორათა განცხადებით, გაუარესებულია.

სასა,ართლოს საქმიანობას ძალიან კარგად ერთი პროცენტი აფასებს, კარგად – ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 29 პროცენტი, ცუდად – 31 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად – 14 პროცენტი.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა ერთი პროცენტი აფასებს, კარგად – რვა პროცენტი, საშუალოდ – 27 პროცენტი, ცუდად – 40 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად – 17 პროცენტი.

კვლევის ავტორთა თქმით, ჯარისა და პოლიციის საქმიანობის შეფასება სტაბილურია. ეკლესიის დადებითი შეფასება კი ბოლო ხუთი  წლის განმავლობაში არის დაღმავალი საშუალოსა და ცუდს შორის.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“.