რატი იონათამიშვილი: როდესაც ანგარიშში ურთიერთგამომრიცხავ ჩანაწერებს ვხედავთ, კითხვის ნიშნები ნამდვილად ჩნდება

0
262

„მე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებს, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ძალიან გამაკვირვა იმ პასაჟებმა, სადაც ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერი იყო. ანგარიშის ენა და სტილი ყოველთვის უნდა იყოს აკადემიური. თუმცა ვხედავთ, რომ დოკუმენტში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები. როდესაც საუბარია, რომ 20 ივნისის აქცია იყო მშვიდობიანი და ამასთანავე, მეორე აბზაცში წერია, რომ დაშავდა 90-ზე მეტი სამართალდამცავი – საინტერესოა როგორ იყო მშვიდობიანი ხასიათის აქცია, თუ ამდენი რაოდენობის სამართალდამცავი დაშავდა?!“, – აღნიშნულის შესახებ რატი იონათამიშვილმა „ჰუმან რაით ვოჩის“ ანგარიშის შეფასებისას, ტვ პირველში განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიშში არის ორი სახის ჩანაწერი, სადაც ერთი მხრივ, აქცია შეფასებულია მშვიდობიანად მეორე მხრივ კი, ძალადობრივად.
„რაც შეეხება ანგარიშის ამ მონაკვეთს, ავტორები ალბათ გაკვირვებული იქნებოდნენ და არ ელოდნენ ექსპერტები იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში, ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ფაქტობრივად დაადასტურებდა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ამ სიტყვებმა საბოლოოდ ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის საკითხს, რაც ასევე მოხდა ანგარიშში, დეპუტატის განცხადებით ეს სამსახური მუშაობს და ის უკვე საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობითაც სარგებლობს.
„ვფიქრობ ორ საკითხთან შეიძლება გვქონდეს საქმე: ერთი ის, რომ შესაბამისი კვალიფიკაციით და პასუხისმგებლობით არ მოეკიდნენ ექსპერტები აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებას ან მეორე მხრივ, იყვნენ დამოკიდებული ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე და ეს ციტატები და წყაროები გამოიყენეს ანგარიშის დაწერის დროს. ორივე შემთხვევაში, ჩემთვის დამოკიდებულება არის მიუღებელი, რადგან ჩემი საქმიანობის ყველა ეტაპზე, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს ვაკვირდები, მითუმეტეს რაც ეხება ადამიანის უფლებებს, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ანგარიში უნდა იყოს მომავალი საქმიანობის სახელმძღვანელო დოკუმენტი, მაგრამ როდესაც არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები ჩნდება.
„ჩემი მიზანი არის მსგავსი დოკუმენტები იყოს ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტები იმისთვის, რომ მომავალი საქმიანობა დაიგეგმოს. ეს არის ის პასუხისმგებლობა რაც მსგავსი დოკუმენტების გაცნობისას მე გამაჩნია, მაგრამ როდესაც ვხედავთ ასეთ ურთიერთგამომრიცხავ ჩანაწერებს ნამდვილად რეზონულია გაჩნდეს კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით და ის მისია შეასრულოს ანგარიშმა რა ფუნქციაც აქვს. ანგარიში არის ურთიერთგამომრიცხავი და დაბალი კვალიფიკაციის მთელ რიგ საკითხებში. სწორედ, ეს არის ჩემი გულისწუხილი, იმიტომ რომ არ შეიძლება მსგავსი დამოკიდებულებით, გადაუმოწმებელი წყაროებით ხდებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადება, რომელიც ჩვენთვის არის ცალსახად ძალიან საინტერესო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.