არ განმეორდეს უკვე განვლილი – პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის შესახებ

0
201

რუსულ პრესაში აქტიურად განიხილება აფხაზეთში მომხდარი კრიზისული მოვლენები – ოპოზიციის ანტისამთავრობო აქცია, რუსეთის ემისრების ჩასვლა სოხუმში და „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომა. რა პერსპექტივა ელოდება აფხაზეთს? როგორ ჩატარდება 22 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები?

გთავაზობთ რუსი პოლიტოლოგის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის//უნივერსიტეტის ევროატლანტიკური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სერგეი მარკედონოვის თვალსაზრისს, რომელიც 15 იანვარს გაზეთ КоммерсантЪ-ის მე-6 გვერდზე გამოქვეყნდა.

„ზოგადად თუ ვიტყვით, რესპუბლიკის მეთაურის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მასობრივი გამოსვლების ზეწოლით აფხაზეთისთვის უცხო ხილი არ არის, მაგრამ ისეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს თავისი პოსტი ინაუგურაციიდან სამი თვის შემდეგ დაეტოვებინოს, მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა.

რაში გამოიხატება იანვრის პოლიტიკური კრიზისის უნიკალურობა? რატომ გადადგა თანამდებობიდან რაულ ხაჯიმბა – 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში გამარჯვებული პიროვნება – ისე, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია ოპოზიციური გამოსვლებისათვის?

ამ კითხვებზე პასუხი უპირველესად გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში უნდა ვეძებოთ, ანუ ის შემთხვევა, როცა ასპროცენტიანად იმუშავა ფორმულამ – „დამარცხება გამარჯვებით, რასაც ვერ გამარჯვებული ვერ ხედავს“. თვით საარჩევნო კამპანია და მისი შედეგები დრამატული აღმოჩნდა როგორც ფორმალურად გამარჯვებულ რაულ ხაჯიმბასათვის, ასევე აფხაზური საზოგადოებისათვის.

დრამატული პირველ რიგში იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიას თან სდევდა ექსცესები – დაწყებული ერთ-ერთი ფავორიტის, ოპოზიციის ლიდერის ასლამ ბჟანიას მოულოდნელი ჰოსპიტალიზებით (გავრცელდა ჭორები მისი მოწამვლის თაობაზე), დამთავრებული ხმის მიცემის დღის გადატანით ერთი თვით გვიან; მეორე მომენტი – რაულ ხაჯიმბამ გამარჯვება მოიპოვა მხოლოდ მეორე ტურში, ისიც მიზერული უპირატესობით.

ბუნებრივია, ამგვარმა „ქულებით გამარჯვებამ“ ოპოზიციას საბაბი მისცა, რომ მას არჩევნების შედეგები გაესაჩივრებინა. შესაძლოა, დროთა განმავლობაში ეს საპროცედურო დავები გაჭიანურებულიყო და თანდათან ჩაწყნარებულიყო – კაცმა რომ თქვას, როგორც არ უნდა ისრები ესროლა ოპოზიციას ხელისუფლებისათვის, მისი პოპულარობის გადაჭარბება არ ღირს. მაგრამ მოხდა ისეთი მოვლენა, რამაც ოპოზიცია გამოაცოცხლა – ხმაურიანი კრიმინალური ინციდენტი 2019 წლის ოქტომბერში, სოხუმის ცენტრში, რაზედაც აფხაზეთის ხელისუფლებამ ქმედითი რეაგირება არ გამოავლინა და, შესაბამისად, ბიძგი მისცა ისედაც უკმაყოფილო მოსახლეობის აღშფოთებას.

სხვათა შორის, აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ აფხაზეთის კრიზისის საბაბი და მიზეზები. დთევანდელი სიტუაციით საზოგადოებაში რაიმე ახალი გამყოფი ხაზები არ გამოვლენილა, მაგრამ საკმაოდ ხაზგასმულად და მკაფიოდ გამოაჩინა ძველი უთანხმოებანი. საქმე ეხება იმ დაპირისპირებას, რომელიც თავისი ფესვებით 1990-იანი წლების დასაწყისში მიდის – პირად კონფლიქტს პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას (1994-2005 წ.წ.) და ალექსანდრე ანქვაბს (2011-2014 წ.წ.) შორის.

სხვადასხვა დროს აფხაზური ელიტა მეტ-ნაკლებად ახერხებდა სტაბილურობის შენარჩუნებას ორი მეთოდით: პირველი – ვლადისლავ არძინბის – რესპუბლიკის „მამა-დამაარსებლის“  – ქარიზმით, რომელსაც ყველაზე მკაცრი ოპონენეტებიც კი ანგარიშს უწევდნენ და აღიარებდნენ: ვლადისლავ არძინბას გარეშე საქართველოსაგან სეცესია (გამოყოფა) ნამდვილად არ მოხდებოდა; მეორე – პირველი პრეზიდენტის მემკვიდრის სერგეი ბაგაფშის ოსტატობა პოლიტიკური მედიაციაში: 2004 წელს, მასშტაბური კრიზისის დროს, მას არ შეეშინდა და კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე თავისი ოპონენეტი რაულ ხაჯიმბა მიიწვია. სამწუხაროდ, სერგეი ბაგაფშის მემკვიდრეები –  ალექსანდრე ანქვაბი და თვითონ რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის გზით არ წასულან და როცა შეეცადნენ რესპუბლიკა „საკუთარ მამულად“ გადაექციათ, ეკონომიკური წარუმატებლობა განიცადეს.

აფხაზეთს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ელოდება. დიდი იმის საფრთხე, რომ ახალი ხელისუფლება ისტორიის კიდევ ერთ ეტაპზე ძველ ალგორიტმს გაიმეორებს. ჰოკეის ენით რომ ვთქვათ, შეიძლება „შემადგენლობის ცვლილება“ მოხდეს და არა თამაშის წესის შეცვლა. არადა, რესპუბლიკას რუსული დახმარების ოპერატორ-გამანაწილებელთა გვარების შეცვლა კი არ ჭირდება, არამედ განვითარებაზე ორიენტაცია, ახალი სახეები და ახალი იდეები.

ქარიზმატიკოსები ყოველდღიურად არ იბადებიან, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენელთა კონსოლიდირება რომელიმე პრობლემის გასაჭრელად, თუნდაც კრიმინალის წინააღმდეგ, სრულიად რეალურია. სხვანაირად აფხაზეთი მოუწევს კიდევ ერთხელ იგემოს არასასიამოვნო რეალობა, ალექსანდრე ბლოკისეული გამონათქვამის – „და ყველაფერი ძველებურად მეორდება“ – მიხედვით, ანუ მასობრივი პროტესტები და ხელისუფლების მორიგი ცვლილება“.

აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ასახულია აგრეთვე გერმანულ პრესაში – გაზეთ Junge Welt-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრიზისი და გადადგომა: აფხაზეთის პრეზიდენტის სავარძელზე შეტევა ახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდა“ (ავტორი – დევიდ ნოაკი). პუბლიკაციაში მიმოხილულია სოხუმში ამ ბოლო დროს მომხდარი ანტისაპრეზიდენტო გამოსვლების მიზეზები, რუსეთის ემისრების ჩასვლა სოხუმში და იქ გამართული მოლაპარაკების შედეგები.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„მოსახლეობის უკმაყოფილობას რაულ ხაჯიმბას მმართველობით მრავალი მიზეზი აქვს. მისი პრეზიდენტობის დროს კორუფცია აყვავდა, შენელდა სახელმწიფოებრივი მშენებლობა, წინ არ წასულა აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესიც. ამას დაემატა გახმაურებული სკანდალი პრეზიდენტის დაცვის წევრთან დაკავშირებით, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე სოხუმის ცენტრში მომხდარ სროლებში მონაწილეობდა. შეიძლება ითქვას, რომ „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომლის რაულ ხაჯიმბას მიმართ (იგი სპეციალობით იურისტია) მოსკოვმა ინტერესი დაკარგა – იგი კავკასიაში კრემლის მნიშვნელოვან მოკავშირედ აღარ ითვლება. რაულ ხაჯიმბა რუსეთთან ერთპიროვნულად ამყარებდა კავშირებს, აჭიანურებდა საქართველოსთან დიალოგის დაწყებას (აფხაზეთი საქართველოს სსრ კავშირის დაშლის ჟამს გამოეყო), ცუდად ეპყრობოდა ქართულენოვან მეგრელებს, რომლებიც აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ და თითქმის არ ზრუნავდა საერთაშორისო კავშირების გაფართოებაზე.

„რაულ ხაჯიმბამ ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა“, – განმარტავს ახრა ავიძბა, აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი Junge Welt-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში, – 30 წლის განმავლობაში აფხაზეთს მხოლოდ ერთი და იგივე ელიტა მართავს, საჭიროა გარდატეხა. ამას განსაკუთრებით ახალგაზრდობა ითხოვს“.  აღსანიშნავია, რომ ახრა ავიძბას სოხუმის ცენტრში მომხდარი სროლების დროს ნათესავი დაეღუპა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ოპოზიციის ლიდერს ასლან ბჟანიას აფხაზეთში ცვლილებები განახორციელოს, იგი პასუხობს: „დიახ, ასლან ბჟანიას ცვლილებების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ამისთვის მას დრო ჭირდება“.

———-

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

«КоммерсантЪ»(რუსეთი):https://www.kommersant.ru/doc/4219983

Junge Welt (გერმანია): https://www.jungewelt.de/artikel/370575.krise-und-r%C3%BCcktritt.html