აღარავის დაველოდებით და მარტო შევალთ პარლამენტში – ალეკო ელისაშვილი

0
56

ოპოზიციური პარტია „მოქალქეები“ მზადაა შევიდეს პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციის მოთხოვნებს შეასრულებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე შეცვლის საარჩევნო სისტემას, განაცხადა პარტიის ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

„თუ „ქართული ოცნება“ გადაიხდის იმ პოლიტიკურ ფასს, რაც, ჩვენი აზრით, არის საშვილიშვილო ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის (ანუ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ფუნდამენტური ცვლილება ცესკო–ს საოლქო და საუბნო კომისიების წესისა და საარჩევნო რეფორმა) და ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ოპოზიცია მაინც არ შევა პარლამენტში, ჩვენ აღარავის დაველოდებით არავის და სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ მარტო“, — განაცხადა ელისაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

ელისაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მეტად მნიშვნელოვანია და ეს პარლამენტში მის შესვლას დააჩქარებს.

გარდა ამისა მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია მუდმივად არ უნდა იყოს მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში. პირიქით, მან უნდა იაქტიუროს და შევიდეს პარლამენტში, ვინაიდან ასეთია ხალხის გადაწყვეტილება.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ოპოზიციონერთაგან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი წევრი შევიდა, დანარჩენებმა კი ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და უარი თქვეს მადატებზე.