დღეს არსებული ეპიდსიტუაცია სკოლების გახსნაზე საუბრის საშუალებას არ იძლევა – ტიკარაძე

0
29

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სკოლების გახსნაზე საუბრის საშუალებას არ იძლევა.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ სკოლები და ბაღები მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია და განათლების სამინისტროსთან მუშაობა მიმდინარეობს.

„თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს.

გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევ იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან, იქნება ყველა ის საჭირო პირობა უზრუნველჰყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში,“ – ამბობს ის.

გაზაფხულის შემდეგ საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა სანახევროდ მხოლოდ რამდენიმე კვირით აღდგა. 4 ნოემბრიდან კი სკოლები კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.