გახმაურებული მკვლელობა რუსეთში: ცნობილმა ისტორიკოსმა ასპირანტი გოგონას მკვლელობა აღიარა

0
299

დღეს რუსული მასმედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა სანკტ-პეტერბურგში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა – იმდენად გახმაურებული, რომ მასზე კომენტარი თვით კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა: „დიახ, პრეზიდენტი საქმის კურსშია, ეს ამაზრზენი აქტია“.

მაინც რა მოხდა?

როგორც ირკვევა, ცნობილმა პეტერბურგელმა მეცნიერმა, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტმა, 63 წლის ლექტორმა ოლეგ სოკოლოვმა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტი, 24 წლის ანასტასია ეშენკო მოკლა. ოლეგ სოკოლოვი იმ დროს დააკავეს, როცა იგი მოკლულის სხეულის ნაწილების – ზურგჩანთიდან ხელის მტევნების  მდინარე მოიკაში გადაყრას ცდილობდა. არაფხიზელ მდგომარეობაში ოლეგ სოკოლოვს ფეხი დაუცდა  და მდინარეში ჩავარდა. მის ყვირილზე პოლიცია მივიდა,  წყლიდან ამოიყვანა და რადგანაც მისი ქცევა საეჭვოდ მოეჩვენათ, იგი დააკავეს…

პოლიციამ ოლეგ სოკოლოვის ბინა გაჩხრიკა, სადაც ანასტასია ეშენკოს სხეულის დანარჩენი დაჭრილი ნაწილებიც იპოვეს. იქვე იყო გასისხლიანებული ხერხიც. ექსპერტიზის დასკვნით, ანასტასია ეშენკო 8 ნოემბერს ღამით იქნა მოკლული მცირეკალიბრიანი შაშხანით.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატმა ალექსანდრე პოჩუევმა განაცხადა, რომ ოლეგ სოკოლოვმა დანაშაული აღიარა.

ოლეგ სოკოლოვი ნაპოლეონის ეპოქის ისტორიის სპეციალისტია, ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებში როგორც რუსეთში, ასევე საფრანგეთშიც.  არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც რუსეთში საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაშია გამოცემული. როგორც მისი ერთ-ერთი კოლეგა ამბობს (ინკოგნიტოდ), ოლეგ სოკოლოვი ნორმალური მეცნიერია, მაგრამ უცნაური გადახრებიც ახასიათებს.  ლექციებს პათეტიკურად ატარებდა, ნაპოლეონ ბონაპარტის მიხვრა-მოხვრით, არტისტიზმით, მოვლენების ისტორიული რეკონსტრუქციით. ოლეგ სოკოლოვი კარგი ცხენოსანიც იყო, ბევრისთვის მიმზიდველი“. იგი ასევე ხშირად უწევდა კონსულტაციას ფილმების რეჟისორებს, იცვამდა ნაპოლეონის ეპოქის ტანსაცმელს – გენერლის ფორმას და თანამშრომლებისგან ითხოვდა, რომ მისთვის იმ ეპოქის შესაბამისი პატივისცემით („სირ!“) მიემართათ. აღსანიშნავია, რომ ოლეგ სოკოლოვი ფრანგული მაღალი ჯილდოთი – საპატიო ლეგიონის ორდენით იყო დაჯილდოებული.

ანასტასია ეშენკო პეტერბურგში კრასნოდარის მხარიდან ჩავიდა, წარმატებით დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ასპირანტურაში სწავლობდა. დედამისი კრასნოდარის პოლიციაში პოდპოლკოვნიკის ჩინით მუშაობს, მამამისი კი ფიზკულტურის მასწავლებელია. ძმა – რუსეთის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მეკარე.

თანაკურსელების თქმით, ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ასპირანტ ანასტასია ეშენკოს რამდენიმე წელია ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა დოცენტ ოლეგ სოკოლოვთან: „მათ ახლო ურთიერთობაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა“, – ამბობს ანასტასია ეშენკოს ერთ-ერთი მეგობარი. დოცენტს თავისი მეგობარი გოგონა-ასპირანტი თითქმის ყველგან თან დაჰყავდა – რუსეთშიც და საზღვაგარეთ.

როგორც გამოძიებამ გაარკვია (მოკლულის ძმის ჩვენების მიხედვით), ოლეგ სოკოლოვს და ანასტასია ეშენკოს 7 ნოემბრის საღამოს დავა მოსვლიათ. ქალიშვილმა თავის მეგობართან წასვლა მოისურვა, ოლეგმა კი არ გაუშვა და ეჭვიანობა დაიწყო. „ჩემმა დამ დამირეკა, ტიროდა და მითხრა, ოლეგს უნდა დავშორდეო. იგი ჯერ წავიდა სახლიდან, შემდეგ კი ისევ დაბრუნებულა“, – ამბობს ანასტასია ეშენკოს ძმა.

დღეს, 11 ნოემბერს, სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ ოლეგ სოკოლოვს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება გრძელდება.