იძულებით მოვედი, რადგან ეს ქვეყანას სჭირდებოდა – ივანიშვილი

0
56

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ მოვიდა რადგან ეს ქვეყანას სჭირდებოდა.

როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მან ერთი წლის თავზე დანაპირები შეასრულა და თანამდებობიდან წავიდა.

ივანიშვილმა განმარტა თუ რა იყო მისი პოლიტიკაში მოსვლის არსი.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იღებდა პასუხისმგებლობას იმ გუნდზე, რომელიც მან დააფუძნა.

„2011 წელს, როდესაც მოვედი პოლიტიკაში განცხადება გავაკეთე და განცხადების არსი კარგად გახსოვთ, რომ ვიქნებოდი იმდენ ხანს სანამ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას. ამის შემდგომ კი თანამდებობას დავტოვებდი.

რა თქმა უნდა ჩემი დანაპირები შევასრულე და ამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემთვის სასურველი. ამ წლების განმავლობაში ჩემი ხელწერით დავასაბუთე, რომ არ თვალთვმაქცობდი, ნამდვილად არ არის ეს ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფესია.

მოვედი იძულებით, იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდებოდა. არ ეყოთ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მორეოდნენ და ჩემი დახმარება დასჭირდათ. სწორედ ეს იყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსი.

ამიტომაც ვაცხადებდი, მოვალ მოძალადეებს გავუშვებ და წავალ. ვთქვი, რომ პოლიტიკაში დამრჩენი არ ვიყავი. მართლაც როგორც დავპირდი ჩვენს საზოგადოებას წავედი თანამდებობიდან.

ბევრი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ პოზიციას დავიჭერდი წასვლის შემდგომ, ვიტოვებდი თუ არა პასუხისმგებლობას გუნდზე. გამოკვეთილად ვამბობდი, რომ მე პასუხისმგებლობას ვიტოვებდი არსებულ გუნდზე.

მეორე მესამე ჩაკითხვაზე არ ვპასუხობდი და არ ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდებოდი. ვპასუხობდი, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რა თქმა უნდა რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც, რასაც ვაკეთებდი და რასაც ვამბობდი იმას ვაკეთებდი, ოპონენტები ამას ვერ შეეჩვივნენ. არაფერი არ დამირღვევია, როდესაც „არაფორმალურში გადაიტანეს“. არაფორმალური მმართველობა არცერთ შემთხვევაში არ ეწოდებოდა მას.

ძალიან დიდი სურვილი მქონდა გუნდი გაძლიერებული და ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ გვქონდა და დავაწესეთ. მეუბნებოდნენ, რომ თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ ანგარიშს გიწევენ, ქვეყანას არაფორმალურად მართავთ მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებდი, რომ დღესაც მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების, ეს არის ჩემი ძირითადი რესურსი, სხვა არანაირი რესურსი არ გამაჩნია, მე არ მყავს ჯარი პოლიცია, როგორ უნდა ვმართო არაფორმალურად. არავითარი ბერკეტი ამის არ გამაჩნია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.