მამას, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ საკადრისი პასუხი დავუბრუნო და მისი დედ-მამა მოვიკითხო – თეა წულუკიანი

0
229

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ეშინია დაბრუნება ციხის შიშით,– ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სააკაშვილი უკონტროლო ადამიანია.

„ვფიქრობ, სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა პრაქტიკულად არის ადამიანი, რომლის განცხადებებზეც კომენტარი ხშირად რთულია. თუმცა, ერთს მაინც ვიტყოდი, რომ მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა. მას ურჩევნია, მიხედოს საქმეს და იქნებ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გააუმჯობესოს. ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ის არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი. ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით“​, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ თეა წულუკიანს საქართველო ეზიზღება. „მამამისი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯალათი უზენაესი სასამართლოსი. ჩვენ გავაგდეთ სასამართლოდან, ის ხალხს ხვრეტდა მასობრივად. თეა წულუკიანი თავის დამხვრეტ, ჯალათ მამაზე საქართველოს აგებინებს პასუხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.