როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში

0
68

გამათბობლით გამომშრალი ოთახის ჰაერი, ყინვა, ქარი და სხვა არახელსაყრელი ფაქტორები სახის კანს თავის კვალს ამჩნევს – აშრობს, აუხეშებს, ელასტიკურობას უკარგავს და, აქედან გამომდინარე, ნაადრევად აბერებს. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საშუალებებით ამ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ და კანს მთელი ზამთრის განმავლობაში იდეალურ იერს შეუნარჩუნებთ.

თაფლისა და კვერცხის გულის ნიღაბი
1 ჩ.კ. თაფლი და 1 კვერცხის გული ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა სახესა და ყელზე შეიზილეთ, 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი შესანიშნავად ატენიანებს კანს. კვერცხის გულში შემავალი ვიტანიმი A კი ეფექტურად ებრძვის წვრილ-წვრილ ნაოჭებს და კანის დაბერების პროცესს საგრძნობლად აფერხებს.

შვრიის, ნუშისა და თაფლის ნიღაბი
1 ს.კ. შვრიის ბურღული („გერკულესი“) და 5 ც. ნუში დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი (თუ ძალიან სქელი მასა გამოვა, შეგიძლიათ, გადადუღებული წყლით გაათხელოთ) და მიღებული მასა სახესა და ყელზე შეიზილეთ.
5-10 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, სახეზე კი თქვენი კანის ტიპის შესაბამისი მკვებავი კრემი შეიზილეთ.
ეს ნიღაბი ღრმად წმენდს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს.

თაფლის, ხაჭოსა და არაჟნის ნიღაბი
1 ჩ.კ. თაფლი, 3 ს.კ. ხაჭო და 1 ჩ.კ. არაჟანი ერთმანეთში აურიეთ და წაისვით სახესა და ყელზე.
15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
ეს ნიღაბი სახის კანს ჯანსაღ იერს აძლევს. არაჟანში შემავალი კალციუმი და ხაჭოსა და თაფლში შემავალი მაგნიუმი კი ხელს უწყობს კოლაგენის (ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცილის) გამოყოფას, რომელიც კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას ანიჭებს.

შვრიისა და რძის ნიღაბი
1 ს.კ. შვრიის ბურღული („გერკულესი“) დააბლენდერეთ, დაასხით 3 ს.კ. თბილი რძე და კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
წაისვით ნიღაბი სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, 20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი საუკეთესოდ კვებავს კანს, ანიჭებს ჯანსაღ ფერსა და ხავერდისებურ იერს.
ნიღაბი შესანიშნავია იმითაც, რომ უკუჩვენება არ აქვს და შეგიძლიათ, აბსოლუტურად ყველა ტიპის კანზე გამოიყენოთ.

გარდა ამისა, მთელი ზამთრის განმავლობაში:

გარეთ გასვლისას დღის დამცავი კრემი წაისვით, შინ დაბრუნებისას კი სახე აუცილებლად თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
აუცილებლად იხმარეთ ღამის მკვებავი კრემი;
რაც შეიძლება მეტი ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვით, განსაკუთრებით სასარგებლოა ხილი, ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი;
არ იხმაროთ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც სპირტს შეიცავს.