20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შსს შეისწავლის

0
237

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებებს შეისწავლის.

შსს-ში განმარტავენ, რომ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

„აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშაუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“ ,- აცხადებენ შსს-ში.

„2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო, კიდევ ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა,“- მისი თქმით, 20 ივნისს ოპოზიციამ მომენტი ხელიდან გაუშვა.

„ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვინმეს შეთქმულება ჰქონდა. უბრალოდ, თავის თავს თავად ამბოხებდა ბიძინა ივანიშვილი. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება. ახლა მივხვდით, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, უკან ნიშნავს საქართველოს განადგურებას. დღეს ოპოზიცია ყველაფრისთვის მზად არის. მე პირადად ვარ მზად, თავი შევწირო ბოლომდე ჩემი სისხლის ბოლო წვეთამდე. წელს საქართველოდან ივანიშვილს გავაცილებთ. ქართველი ხალხი გამოგვყვება უკან, როცა დაინახავს, რომ ლიდერები ბოლომდე წირავენ თავს. ჩვენ გყვავს ლიდერები, მათ შორის თქვენ. ნიკა მელიამ აჩვენა საოცარი გამბედაობის მაგალითები, იგივე ჟორიკა რურუამ აჩვენა ეს მაგალითი. ჩვენ გყვავს ხალხი, ვინც აჩვენებს ამ მაგალითებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.