დორა მარკი – ტოსკანელი მეღვინე და ენოლოგიის ვარსკვლავი “ქვევრის” სიმბოლოთი დააჯილდოვეს

0
1156

ორა მარკიმ, ტოსკანელმა მეღვინემ და ბიოლოგმა, რომელიც თითქმის 25 წელია „ღვინის პოეტის“ – დონატო ლანატის მარჯვენა ხელია კვლევით ლაბორატორიაში “ენოსის მერავილია”, გასული წლის ნოემბერში ჯილდო – ქართული „ქვევრი“ მიიღო – ამ სათაურით იტალიური გაზეთი  სტატიას აქვეყნებს. 

ეს აღიარება, რომელიც თავისი მნიშვნელობით ჰოლივუდის ვარსკვლავების „დიდების ხეივანს“ შეიძლება შევადაროთ, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელმაც ის დაიმსახურა, დიდი პროფესიონალია მეღვინეობის სფეროში და რომელმაც კომპანია „ბადაგონს” დიდი დახმარება გაუწია, გამხდარიყო ლიდერი ქართული ღვინის წარმოებაში. მსგავსი პრესტიჟული ჯილდო-აღიარება ჯერჯერობით მხოლოდ თავად დონატო ლანატის აქვს მიღებული.

„ქვევრი“ – ეს უზარმაზარი თიხის ე.წ. ამფორებია, რომლებიც მიწაში გახლავთ ჩაფლულნი და მათ ყოველთვის გამოიყენებდნენ ღვინის ფერმენტაციის, მაცერაციის და დავარგებისთვის.

„ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო“, – გვიყვება საქართველოდან დაბრუნებული ენოლოგი დორა მარკი, – „რაღაც მომენტში მე წითელ ხალიჩაზე აღმოვჩნდი და უცებ ყველა გარშემომყოფმა უკან დაიხია. თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი, ირგვლივ მიმოვიხედე, არ ვიცოდი, რა ხდებოდა. შემდეგ მიმიწვიეს, რომ ძირს დაფენილი გადასაფარებელი ამეღო. ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო საკუთარი სახელის წაკითხვა, რომელიც ქვის ფილაზე გამოხატულ ახალ ქვევრზე იყო გრავირებული. უდიდესი აღიარებაა ადამიანური თვალსაზრისით, მეტი ვიდრე პროფესიული პრესტიჟი და იმიჯი“, – ამბობს დორა მარკი.

კვლევითი ცენტრის „ენოსის მერავილია” და დორა მარკის თანამშრომლობა კომპანია „ბადაგონთან“ 15 წლის წინ დაიწყო.

ტოსკანელი ენოლოგი მთლიანადაა ჩართული ვინიფიკაციის მართვის პროცესში, აკონტროლებს რთველის მიმდინარეობას, მიღებული ყურძნისა და სითხის ანალიზებს და აწვდის მითითებებს შემდგომი მოქმედებისთვის. ასევე განსაზღვრავს წარმოების ტექნოლოგიურ პოლიტიკას.

„როცა ჩვენ პირველად შევხვდით „ბადაგონის“ წარმომადგენლებს, სიტუაცია სრულიად სხვაგვარი იყო” – იხსენებს დორა მარკი, “- 2006 წელს საქართველოს რუსეთის მხრიდან ემბარგო ჰქონდა გამოცხადებული და ბიზნეს კლიმატი, ცხადია, არახელსაყრელი იყო. ამის მიუხედავად, კომპანია ბადაგონი თავისი შორსმჭვრეტელობით ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა, ფართოვდებოდა და დღეს ის, თავისი 500 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახებით, საქართველოს შიდა და საგარეო ბაზრის ლიდერს წარმოადგენს. „ბადაგონი“ თავისი პროდუქციის ექსპორტს ახდენს ჩინეთში (ჰონკონგის ჩათვლით), რუსეთში, ბელარუსში, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“. „ბადაგონის“ პროდუქციის ფლაგმანებს შორის არიან ქართული ღვინოების უძველესი კულტურული სახეობები, როგორიცაა „საფერავი“, „რქაწითელი“, „ქისი“, „ტვიში“ და „ხვანჭკარა“ (რომელიც იოსებ სტალინის საყვარელი ღვინის სახელითაა ცნობილი). ბოლოდროინდელ პროდუქტებს შორის უნდა ავღნიშნოთ ცქრიალა ღვინოები, რომლებიც მარტინოტის მეთოდით მზადდება – იმ პერსპექტივით, რომ ახლო მომავალში ასეთი წესით დამზადებული ღვინო კლასიკური მეთოდით წარმოებულ ღვინოს კონკურენციას გაუწევს. და ბოლოს, მეღვინეობის სამყაროში ცნობილი „ღვინის სახლების“ მსგავსად, ცოტა ხნის წინ „ბადაგონმაც“ გახსნა თავისი რესტორანი. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანიამ, რომელიც დაარსებულია და საქმიანობს მეღვინეობის ათასწლოვანი ტრადიციის მქონე რეგიონში და რომელიც საკუთარ თავს საერთაშორისო ბაზარზე იდენტურად და კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს, თავისი მოქმედების წესად გამორჩეული იტალიური პროფესიონალიზმის დონე აირჩია. „ქართველები, ტრადიციის მიხედვით, დიდ პატივს სცემენ ვაზისა და ღვინის კულტურას, მაგრამ მათ თანამედროვე ღრმა მეცნიერული ცოდნა სჭირდებათ, რომ ქართულ ღვინოში ქართული ხასიათი, იდენტობა და ინდივიდუალობა გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ „ბადაგონის“ ოჯახის ახალი თაობის წარმომადგენელმა სალომემ ახლახანს დაამთავრა იტალიაში ტურინის უნივერსიტეტში სწავლა აგრონომიულ ფაკულტეტზე და მალე თავის პრაქტიკულ ცოდნას „ენოსისში“ გააღრმავებს“, – აღნიშნავს დორა მარკი.

– დოქტორო მარკი, თქვენთვის, ქალისთვის, რომელსაც სისხლში აქვს გამჯდარი ტოსკანური წრთობა და დაუმორჩილებელი ხასიათი, ანტინორში მუშაობის უდიდესი გამოცდილება, რას ნიშნავს ისეთ ბრწყინვალე და გენიალურ ენოლოგთან მუშაობა, როგორიც დონატო ლანატია?

– მისგან მე ბევრი რამ ვისწავლე. ის ყოველთვის იყო დიდი გამოწვევებისა და მუდმივი სწავლის სტიმული. ჩვენ 1995 წლიდან ვთანამშრომლობთ. დროთა განმავლობაში გავეცანი განსხვავებულ ასპექტებს, ერთად ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ ტალანტისა და უნარ-ჩვევების ზუსტი ბალანსი. მასთან ერთად დიდი ცნობისმოყვარეობითა და ვნებით ყოველდღე ვმოგზაურობ კვლევების, შემეცნებისა და სწავლების შეუდარებელ, მომხიბვლელ ღვინის სამყაროში.

– როდის გრძნობთ და განიცდით ყველაზე დიდ პროფესიულ კმაყოფილებას?

– ვიმოგზაურე ბევრ ქვეყანაში, გავიცანი ღვინის გურუები (უდიდესი მოღვაწეები), ამას გარდა მაქვს პატივი ვიყო ისეთი მნიშვნელოვანი გუნდების წევრი, როგორებიცაა „ენოსისი“ და „ოივე“, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაცია. (დორა მარკი გარდა იმისა, რომ თანამშრომლობს „ენოსის მერავილიასთან“, ასევე არის „ოივეს“ – ენოლოგიური ტექნოლოგიების კომისიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, ხშირადაა მომხსენებლი საერთაშორისო კონფერენციებზე).

– რა გაკლიათ, კიდევ რისი მიღწევა გსურთ?

– მინდა, რომ მუშაობის მეტი დრო მქონდეს.