,,ანას ბაღთან” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

0
257

ვარკეთილში, ,,ანას ბაღთან” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს განახლდა.

ადგილზე ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებიან და მშენებლობას კვლავ აპროტესტებენ. ისინი თბილისის მერიისგან ითხოვენ, კომპანიას არ მისცეს მშენებლობის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, მშენებლობა არა ,,ანას ბაღს”, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიას ეხება. მისი ინფორმაციით, “ანას ბაღს”, რომელიც 300 კვადრატია, 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ამავდროულად გამგეობა ბაღს 300 კვადრატულს დაუმატებს.

რაც შეეხება მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის, “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” პოზიციას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბენაშვილის განცხადებით, მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს და აქციის მონაწილეებმაც კანონი უნდა დაიცვან.

“დღეს დილით განახლდა სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ვმუშაობთ კანონის სრული დაცვით და მშენებლობას დავასრულებთ კანონით გათვალისწინებულ დროში. მე ტელევიზიებიდან შევიტყვე, რომ აქციის მონაწილეები აქციების განუწყვეტლად გამართვას აპირებენ, კომპანია ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, უბრალოდ აქციები უნდა ჩატარდეს იმ ფორმატში, რომ კანონი არ დაარღვიონ,”- ამბობს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ,,ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას ადგილობრივები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.