ჩვენი ამოცანაა, კურორტი წყალტუბო 2024 წლიდან ამოქმედდეს – ნათია თურნავა

0
254

ბიზნესს უნდა ჰქონდეს ნათელი ხედვა, თუ როგორ განვითარდება კურორტი წყალტუბო. ამ კუთხით, პირველი და მთავარი აქცენტი კეთდება გენერალური გეგმის შემუშავებაზე, რაც მოხდება არასამთავრობოს სექტორის, ექსპერტების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობით – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს განვითარების კონცეფციის საჯარო პრეზენტაციის შემდეგ.

მისი თქმით,  დასახული ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან ამოქმედდეს.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოკლე ვადებში წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს.

მისივე განცხადებით, დღეს არსებული ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სოციალური ქველმოქმედების განხორციელების ინიციატივამ ძალიან ძლიერი სტიმული შექმნა ყველასთვის, მათ შორის, იმ კონკრეტული ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ წყალტუბოში სასტუმროებს თუ სანატორიუმებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დღემდე ინვესტიციის განხორციელება ვერ მოახერხეს.