C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა – სახელმწიფო აუდიტი

0
240

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

თავად სააგენტოში აღნიშნულს ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან.

“პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“ („სოვალდი“), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან („ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების („სოფოსბუვირი“, „ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, – აღნიშნულია ანგარიშში.