გვსურს, აფხაზეთში ვითარება იყოს მშვიდი, რადგან იქ ჩვენი თანამოქალაქეები არიან -ირაკლი სესიაშვილი

0
232

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აფხაზეთში ვითარება იყოს მშვიდი და საჭიროების შემთხვევაში, საქართველო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ პროცესებში საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს.

„ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს, თუმცა არსებული ვითარების ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთი იქ სიტუაციას ვერ აკონტროლებს. ის მხოლოდ ე.წ. საკუთარ ინტერესებს აკონტროლებს აფხაზეთში. მკაფიოდ ჩანს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, მძიმე უკონტროლო სიტუაციასთან, თუმცა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, აფხაზეთში ვითარება იყოს მშვიდი, ვინაიდან იქ ჩვენი თანამოქალაქეები არიან. საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს“, – განაცხადა სესიაშვილმა.