უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფა რაკეტის მოხვედრას არ გამოუწვევია – ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

0
220

უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფა რაკეტის მოხვედრას არ გამოუწვევია, – ამის შესახებ ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ალი აბედზადეს თქმით, თვითმფრინავზე რაკეტის მოხვედრის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ნაწილები უფრო დიდ ტერიტორიაზე იქნებოდა აღმოჩენილი.

„ტექნიკური ანგარიში დასრულებულია და გამოქვეყნდება. თვითმფრინავს აფრენის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მფრინავმა აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა და მისი მთავარი პრიორიტეტი მგზავრების უსაფრთხოება იყო. აფრენიდან რამდენიმე წუთში, მფრინავი დაუკავშირდა საკონტროლო კოშკს, მანამდე კი, ექვსი ათას ფუტზე სიმაღლის მომატებაზე თანხმობა მოითხოვა. უფრო კონკრეტული ინფორმაცია შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი. ველოდებით, რომ სხვა ქვეყნებიც დაგვეხმარებიან გამოძიებაში“, – აღნიშნა აბედზადემ.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთები დაზიანებულია და მათ აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ალი აბედზადეს განცხადებით, თუ ირანელი ტექნიკური ექსპერტები შავი ყუთების აღდგენას ვერ შეძლებენ, თეირანი დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართავს.

„ირანელი სპეციალისტები ამჟამად შავი ყუთებიდან ინფორმაციის ამოღებას ცდილობენ. ამერიკელების მტკიცება, რომ თვითმფრინავი რაკეტამ ჩამოაგდო, დოკუმენტურ მტკიცებულებას საჭიროებს და მათ ეს მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენონ. ეს პოლიტიკური საკითხია. თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოებიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავს რაკეტა არ მოხვედრია. რაკეტის მოხვედრის შემთხვევაში, თვითმფრინავი მაშინვე ჩამოვარდებოდა. ჩანს, რომ თვითმფრინავმა ფრენა განაგრძო და 60 წამის განმავლობაში ცეცხლი ეკიდა“, – განაცხადა ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა. მალევე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადისა და პარტნიორი ქვეყნის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ავიალაინერი ირანული რაკეტით შემთხვევით ჩამოაგდეს.