ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლა იყო

0
302

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობენ.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იცავენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მთავარი ამოცანა შეტაკებისა და სისხლისღვრის პრევენციაა.

განცხადება გაავრცელა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროც, სადაც ნათქვამია, რომ სამხედროები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა, თუმცა ე.წ. ოპოზიციისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

ამასთან, სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების რაოდენობა იზრდება.