მარტვილში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

0
211

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურორის ლევან ფიფიას განმარტებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მკვლელობა 8 იანვარს მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით თანასოფლელს – რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ. გარდაიცვალა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,-აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.