2020 წლის პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები საჭის გადატანას ვეღარ შეძლებენ

0
216

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში 2020 წლის პირველი აპრილიდან ცვლილებები შედის.

კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნებიან მარჯვენა საჭით, მძღოლებმა უნდა შეინარჩუნონ საჭის მდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა გავრცელდება იმ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველად დარეგისტრირდებიან.

„საჭის გადატანის საკითხი ეხება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც პირველად დარეგისტრირდებიან პირველი აპრილიდან, ანუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნებიან მარჯვენა საჭით, უნდა შენარჩუნდეს საჭის მდებარეობა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან მარჯვენა საჭით, მომდევნო ინსპექტირებაზეც უნდა გამოცხადდნენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებული გადატანილსაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექინსპექტირებას უპრობლემოდ გაივლიან.