უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი ჩამოვარდნამდე გაუჩნდა – ირანული მხარე

0
252

ირანელი გამომძიებლების წინასწარი ანგარიშის თანახმად, უკრაინულ თვითმფრინავს ცეცხლი ჩამოვარდნამდე წაეკიდა. ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ინფორმაციას თვითმხილველებზე და სხვა თვითმფრინავის ეკიპაჟზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგი“ ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნის დროს იწვოდა.

ირანული მხარის ცნობით, სამგზავრო ლაინერს, რომელმაც გეგმური ტექნიკური შემოწმება ბოლოს 6 იანვარს გაიარა, ტექნიკური პრობლემა აფრენიდან მალევე შეექმნა, რის გამოც თვითმფრინავმა ჩამოვარდნამდე უახლოესი აეროპორტისკენ აიღო გეზი. თუმცა ირანელი გამომძიებლების ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის ტექნიკური პრობლემა შეექმნა ლაინერს. თუმცა სააგენტო „როიტერმა“ კანადის უსაფრთხოების ძალებისგან მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავა ზედმეტად გახურებული იყო.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ერაყში სამხედრო ბაზებზე, რომლებზეც ამერიკელი სამხედროები არიან დისლოცირებულები, რამაც გამოიწვია სპეკულაციები, რომ თვითმფრინავი შესაძლოა, რაკეტით ჩამოაგდეს.
სააგენტო „როიტერის“ მიერ მოპოვებული ცნობით, დასავლური სპეცსამსახურების წინასწარი შეფასების თანახმად, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების სფეროში ხუთმა სხვადასხვა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომელთაგან სამი ამერიკული, ერთი ევროპული და ერთი კანადურია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მთავრობა კატასტროფის მიზეზებს შორის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ვლადიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას მოუწოდა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სპეკულაციებისა და კონსპირაციული თეორიებისგან თავი შეიკავონ. ზელენსკის თქმით, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. 9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო ბოინგმა კატასტროფა 8 იანვარს განიცადა. გარდაცვლილია 176 ადამიანი. მგზავრთა შორის ძირითადად ირანელები და კანადელები იყვნენ, ასევე გარდაცვლილია უკრაინის 11 მოქალაქე.