ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

0
273

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შესაბამისი სარჩელით სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 1-ელ ნოემბერს მიმართა.

ომბუდსმენის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის კანდიდატების შერჩევის წესი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ რამდენიმე უფლებას ეწინააღმდეგება, მათ შორის: მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1).

ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში ყურადღება რამდენიმე ხარვეზზეა გამახვილებული. ანგარიში იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევის პროცესზე დაკვირვების შედეგად მომზადდა.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთ შეთანხმებითა და კოორდინაციით. აღნიშნულმა დაადასტურა, რომ კანონით გათვალისწინებული კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა ვერ უზრუნველყოფდა საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევას და საბჭოს წევრების ზეგავლენისაგან დაცვას. ამ პირობებში, კენჭისყრების ფარულობა პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებდა მხოლოდ;

კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას, მინიჭებული ქულები და შეფასება არ საბუთდება. ამ პირობებში, ბუნებრივია, იზრდება შეფასებით, მათ შორის ქულებით მანიპულირების რისკი.

შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. გასაჩივრების უფლების არ არსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული, თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 31 ოქტომბერს იუსტიციის საბჭოში კენჭისყრა ჩატარდა, სადაც იგივე პრობლემები გამოვლინდა:

“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს ფარული კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს. 2019 წლის 31 ოქტომბერს კვლავ ჩატარდა კენჭისყრა და 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 კანდიდატი დასახელდა. კანდიდატის შერჩევის დროს ფარულ კენჭისყრაზე კვლავ გამოვლინდა იგივე პრობლემა, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ვაკანსიაზე გამოცხადებული შერჩევის მიმდინარეობისას. კერძოდ, საბჭოს კვლავ არ განუსაზღვრავს პროცედურა, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადასულ 3 კანდიდატს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით გამოავლენდა. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ აღნიშნული 3 კანდიდატი დანარჩენ 12-ს კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით ჯობდა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.