ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი – კლიმატის ცვლილების მსხვერპლი

0
277

მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი, რომელიც ინდოეთში, ქალაქ აგრაში მდებარეობს, კლიმატის ცვლილებისა და ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მსხვერპლი ხდება, წერს ბრიტანული „როიტერი“.

ისტორიის, არქიტექტურისა და სიყვარულის განსახიერების ძეგლის გადასარჩენად ქალაქის ხელისუფლებამ ტაჯ-მაჰალის შემოგარენში ორი მოძრავი ჰაერის გამწმენდი განათავსა, რომლებსაც მავზოლეუმის ირგვლივ 300 მეტრის რადიუსით რვა საათის განმავლობაში 1,5 მილიონი კუბმეტრი ჰაერის გაწმენდა შეუძლიათ.

როგორც აგრის მუნიციპალიტეტის მთავარი ინჟინერი რაჯივ რატი ამბობს, „ჩვენ ქალაქის კომპიუტერულ ცენტრში ყოველსაათობრივად ვიღებთ მონაცემებს ჰაერის შემადგენლობის შესახებ, განსაკუთრებით იმ რაიონებიდან, სადაც მავნე მინარევების მკვეთრი მატება ხდება. იქ სწრაფად იგზავნება მოძრავი „მფილტრავები“ ჰაერის გასაწმენდად“.

აგრა ტურისტთა მექას წარმოადგენს – ტაჯ-მაჰალის სანახავად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ინდოეთში უამრავი ტურისტი ჩადის. ბევრი მათგანი ამბობს, რომ შორიდან ჩამოვიდა და ძლიერი სმოგის (ჰაერი კვამლით, ნისლით და სხვა მავნე მინარევებით) გამო ვერაფერი ნორმალურად ვერ დაათვალიერა.

დასანანია, რომ მავზოლეუმი თანდათან კარგავს თავდაპირველ თეთრ სიქათქათეს და მარმარილო ნელ-ნელა ჭუჭყიან მოყვითალო ფერს იძენს. უტარ-პრადეშის შტატის მთავრობა და აგრის ადმინისტრაცია ცდილობენ  ეკოლოგიური უბედურების შედეგებს როგორმე ებრძოლონ: იქვე ახლოს გამავალ ავტოსტრადაზე აკრძალულია ისეთი ავტომანქანების გავლა, რომლებიც მავნე გამონაბოლქვს გამოჰყოფენ, მშენებლები ვალდებულები არიან მტვრის კერები წყლით მორწყონ, კომუნალური სამსახურებმა კი ქუჩები დღეში რამდენიმეჯერ კარგად უნდა დაასუფთაონ.

სამწუხაროდ, მიღებული ზომები ჯერ-ჯერობით ეფექტური არ არის.