თაკო ჩარკვიანი ე.წ. შავი სიის შედგენას ემიჯნება – არ მენიშნა ეს ყველაფერი კარგად

0
265

რა სისულელე იყო ეს ხუთკაციანი სია ან ვის თავში მოვიდა ეს ყველაფერი, არ ვიცი, რაიმე შემხები წერტილი არ მაქვს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

ჩარკვიანი ამბობს, რომ აღნიშნული სიის შედგენას თავად ემიჯნება.

„თუ სისტემას ვებრძვით, სისტემა ყარს თავიდან. ჩემთვის ყოველთვის ლაკმუსის ფურცელია ხალხის აზრი, ორი დღეა, ვაკვირდები და ყოველთვის უტყუარია რეაქცია. რა რეაქციაც ჰქონდა ხალხს, იგივე რეაქცია მქონდა მე. რა სისულელე იყო ეს ხუთ კაციანი სია ან ვის თავში მოვიდა ეს ყველაფერი, მე არ ვიცი. რაიმე შემხები წერტილი არ მაქვს. რის საფუძველზეა, სამართლებრივადაც ვერ დავინახე, პირდაპირ გეტყვით. სამართლებრივადაც საჩოთიროა, რბილად რომ ვთქვა, ძალიან არაპროფესიონალურად გაჟღერდა ეს ყველაფერი, დილეტანტურად. რაღაც სისუფთავე ვერ დავინახე აქ, რაც მაშინებს ხოლმე. პრინციპულობით, ღირებულებებითა და სისუფთავით უნდა მიხვიდე კანონის აღსრულებამდე და თუ ოპოზიციაშიც დაიწყე შენ ის, რომ ამას სისუფთავით არ აკეთებ, მაშინ ჩნდება ხალხში ნიჰილიზმი, შემდეგ არავის აღარ უნდა გაუკვირდეს ბურჯანაძე-ბესელიას გემოვნებით შედგენილი სია. არ მენიშნა ეს ყველაფერი კარგად. იმიტომაც მოხდა ამ მაგიდიდან ჩემი გამიჯვნა. არ მინდა, რომ გარდა პროპურციული სიატემისა, რაღაცებს აცდენოდა ის მაგიდა“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანი ამბობს, რომ სურს, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრები შეიკრიბონ და აღნიშნული საკითხი განიხილონ.

„მე სადაც ვარ გაერთიანებული, „ძალა ერთობაშია“, მინდა, რომ შევიკრიბოთ და იქ უკვე, როგორც ივანიშვილი იტყოდა, ჩავაანალიზებთ. მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, რომელიც იქნება კატეგორიული. მე მარტო არ ვარ, ჩემს უკან პარტია დგას და მხოლოდ იმიტომ ვარ გაერთიანებული იქ, რომ ჩვენ ერთნაირი დასავლური ღირებულებები გვაქვს. მოვითხოვ, რომ ამ რაღაც სისულელეებს გავემიჯნოთ იმიტომ, რომ მაშინ მომიწევს, ჩემი პარტიით გავემიჯნო ამ პროცესს, რადგან ამ მობინძურო რაღაცებში მონაწილეობას არ ვაპირებ. მე ვებრძვი ხელისუფლებას და ვიცი, რომ ვინც თვალები დათხარა, პასუხი იმას უნდა მოეთხოვოს და ქვემოდნ მის დაწყება რა არის, არ ვიცი. დაფიქრება გვმართებს პროცესებზე, ასე ჩვენ სისტემას ვერ მოვუგებთ, იმ ძირგამომპალ სისტემას. ეს მე ვერ დავინახე ამ ,,პუნწუკაშვილების” ხუთეულით, ასე ვეძახი მათ“ ,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.