ევროპის საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაზე ანგარიშს ამზადებს

0
472

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს სახელწოდებით „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის საშუალებითაც ევროპის საბჭო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას ახდენს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ გადაიბარებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან 6 თვით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობა საქართველოსთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ხელი შევუწყოთ ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების – ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის განმტკიცებას.

ჩვენ შევიმუშავეთ თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და 6-თვიანი კალენდარი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონფერენციების გამართვას ითვალისწინებს. ეს პრიორიტეტები და კალენდარი გაჟღერდება თავმჯდომარეობის გადაბარებიდან რამდენიმე დღით ადრე. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რაც საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს სახელწოდებით „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის საშუალებითაც ევროპის საბჭო საერთაშორისო საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას ახდენს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის მომზადება იქნება.

„გვაქვს საკმაოდ ყოვლისმომცველი შეხვედრების პროგრამა, დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თამჯდომარესტან, პრემიერმინისტრთან და პრეზიდენტთან. კონსოლიდირებული ანგარიშის, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ვითარებაზე ვამზადებთ, მიზანი იქნება, რომ დაამშვიდოს სიტუაცია და მიგვიყვანოს საკითხის მშვიდობიან მოგვარებამდე. ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ პროგრესს, რომელსაც საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში, გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, ბავშვების უფლებების დაცვის სფეროში მიაღწია“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.