პატრუქი დენთის კასრთან: აშშ-ირანის კონფლიქტი

0
252

აფეთქების დრო ჯერ-ჯერობით უცნობია

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია სწრაფად მწვავდება. აშშ-ის ავიაციის მიერ ერაყში, ბაღდადის აეროპორტში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ქვედანაყოფის მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის განადგურებამ აშშ-ირანს შორის არსებული ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაართულა: თეირანმა ვაშინგტონს საპასუხო დარტყმის მიყენება აღუთქვა. სხვათა შორის, ირანის ხელისუფლება ამ დღეებში წინასწარ იმასაც აცხადებდა, რომ სამხედროები თავდასხმის რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ, სამიზნედ კი ასევე რამდენიმე ობიექტია შერჩეულიო, თუმცა რა ობიექტები ჰქონდა თეირანს მხედველობაში, არავინ არ იცოდა.

ირანის გეგმა მალე გახდა ნათელი: „ირანმა, ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტით, თავდასხმა განახორციელა აშშ-ის და კოალიციის სამხედრო ძალების ბაზებზე, რომლებიც ერაყშია განთავსებული”. ამის შესახებ დღეს დილით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა  სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით, სარაკეტო იერიშების სამიზნე ერაყის დასავლეთით მდებარე ორი სამხედრო ობიექტი გახდა: აინ ალ-ასადი და ერბილის აეროპორტის სამხედრო სექტორი – მათ ათობით რაკეტა მოხვდა. ეს ინფორმაცია აშშ-ის და მსოფლიოს ყველა საინფორმაციო არხით გარცელდა.

აშშ: „რაკეტები გვესროლეს, მაგრამ ყველაფერი კარგადაა!“

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში თათბირი მოიწვია, რომელსაც თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც ესწრებოდნენ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მომხდარზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, მანამდე კი მან ტვიტერში დაწერა: „ყველაფერი კარგადაა! რაკეტები ირანმა ერაყში მდებარე ჩვენს ორ ბაზას ესროლა… ამჟამად მსხვერპლისა და დაზიანებების შეფასება მიმდინარეობს. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია გვყავს“.

ირანი: ვაფრთხილებთ აშშ-ის ყველა მოკავშირეს…

როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშგთა კორპუსის განცხადებაშია აღნიშნული, საპასუხო დარტყმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო, შურისძიების მიზნით განხორციელდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა „ტვიტერში“ ცაწერა, რომ ირანი რასაც აკეთებს, ყველაფერი თავდაცვის მიზნითაა განპირობებული: „ირანმა პროპორციული ზომები მიიღო თავდაცვის მიზნით – გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად და შეუტია იმ ბაზას, საიდანაც ამერიკამ ლაჩრული თავდასხმა განახორციელა ჩვენს მოქალაქეებზე და მაღალჩინოსნებზე. ჩვენ არ ვესწრაფვით ომს ან დაძაბულობის ესკალაციას, მაგრამ თავს ყველანირი აგრესიისაგან დავიცავთ“.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმად, გუშაგები აფრთხილებენ ამერიკის მოკავშირეებს – არ გაბედონ და არაფერი მოიმოქმედონ თეირანზე თავდასხმისათვის, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შურისძიება არ დააყოვნებს: „ვაფრთხილებთ აშშ-ის ყველა მოკავშირეს, რომლებმაც თავიანთი სამხედრო ბაზები ამერიკის ტერორისტულ არმიას დაუთმეს: ყველა ტერიტორია, საიდანაც ირანს საფრთხე დაემუქრება, ჩვენი თავდასხმის ობიექტი გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 CNN-ის პროგნოზი:

რას იზამს დონალდ ტრამპი?

„ირანის ბალისტიკური რაკეტების ზალპმა ესკალაცია დააჩქარა“, – აღნიშნულია „სი-ენ-ენ“-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში (ავტორი – პოლიტიკური მიმომხილველი სტივენ კოლინსონი). დონალდ ტრამპი იმედოვნებდა, რომ თეირანი რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს არ გადადგამდა, მაგრამ „თავისი არსით, ირანის სარაკეტო თავდასხმამ დაანგრია დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ყასემ სოლეიმანის მოკვლით მან თეირანი შეაკავა. „მართალია, ირანის სარაკეტო დარტყმა მაინცდამაინც ძლიერი არ ყოფილა (ყასემ სოლეიმანის ფიგურის მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ), მაგრამ ახლა ისაა საინტერესო, თუ როგორ პასუხს გასცემს ირანს დონალდ ტრამპი, რომელმაც ამას წინათ განაცხადა – ახლო აღმოსავლეთში ომს თავიდან ავიცილებო და რომელსაც იმავდროულად არ სურს, რომ სუსტად გამოიყურებოდეს. თუ არცერთი მხარე უკან არ დაიხევს, ამერიკა შეიძლება თავისი პირველი ცხელი ომის წინაშე აღმოჩნდეს რევოლუციური ირანის წინაშე, 40 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტებისა და დიპლომატიური დათბობების შემდეგ.

და თუ მართლაც ომი დაიწყება, ეს იქნება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, დევიზით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ შეფუთული, მაგრამ  იმავდროულად ემოციურ-ინსტინქტური და არა სტრატეგიული ნაბიჯი.

და მაინც, როგორ რეაგირებას მოახდენს დონალდ ტრამპი? როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტს ორი ვარიანტი აქვს:

პირველი – მას შეუძლია თავისი მუქარა შეასრულოს და ირანს არაპროპორციული ძალებით შეუტიოს – გააჩნია, როგორ შეაფასებს იგი სარაკეტო დარტყმების შედეგს. ტრამპი ისეთი კაცი არაა, რომ ირანს მეორე ლოყა მიუშვიროს, დამარტყიო. მისი მანტრა ასეთია – როცა გირტყამენ, შენ უფრო ძლიერად უნდა დაარტყა. თუ იგი ამას არ გააკეთებს, მოკავშირეების თვალში სუსტი გამოჩნდება.

მეორე – შესაძლებელია გარკვეული პაუზა. პრეზიდენტს ადრეც ხშირად უთქვამს, რომ ამერიკის არმია კრიზისული რეგიონებიდან გამოყვანილი უნდა იქნეს, საზღვარგარეთ სამხედროს ყოფნა ფულის ფუჭი ხარჯვაა. „ჩვენ ერაყში სამუდამოდ ყოფნას არ ვაპირებთ…“, – უთქვამს მას ოვალურ კაბინეტში გამართული თათბირის დროს. იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტი ძალზე კმაყოფილი იყო, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის დროს ამერიკელი ჯარისკაცები არ დაღუპულან, რასაც „ტვიტერში“ მისი ჩანაწერიც ადასტურებს. შესაძლოა, ამ ფაქტმა პრეზიდენტს მსხვილმასშტაბიან საპასუხო დარტყმა გადაათქმევინოს და დრო მისცეს დასაფიქრებლად. სხვათა შორის, ამას მოუწოდებს დონალდ ტრამპს რობერტ მენენდესიც, მთავარი დემოკრატი სენატში. იგივეს ამბობს გადამდგარი გენერალი მარკ ხერტლინგი: „საჭიროა თავშეკავება, თორემ თუ ომის მორევში შევალთ, უკან გამოსვლა გაგვიჭირდება“.

ამ დღეების საკვანძო კითხვა: შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ამერიკელი ერის გაერთიანება სიტუაციის გაურესების შემთხვევაში? თუ სადაზვერვო მონაცემები ყასემ სოლეიმანის შესახებ არ გაიხსნება, რამდენად სწორი იყო ამერიკის მოქმედება, მაშინ ეჭვები დარჩება. შესაძლოა დისკუსია ამ საკითხზე ზედმეტი მოგვეჩვენოს, რადგან ირანელი გენერალი აშშ-ის დაუძინებელი მტერი იყო და ხელი ამერიკელების სისხლით ჰქონდა გასვრილი, მაგრამ თუ ადმინისტრაციამ არასწორი სადაზვერვო მონაცემებით ისარგებლა, მაშინ დგება საკითხი, რამდენად გამართლებული იყო მისი მოკვლის რისკი“, – ნატქვამია სტატიაში.

Guardian-  „ამერიკამ ირანის მთავრობას საჩუქარი მიართვა“

შეფასებებს და პროგნოზებს აკეთებს ბრიტანული პრესაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა თავისი მოქმედებით (გენერლის ლიკვიდაციით), ირანის მთავრობას საჩუქარი გაუკეთა.

„ყასემ სოლეიმანის მოკვლით დონალდ ტრამპმა შეუძლებელი შეძლო – მან ირანელი ხალხი ხელისუფლების ირგვლივ გააერთიანა“, – წერს დინა ესპანდიარი გაზეთ „გარდიანში“. „უბრალო ირანელებისათვის გენერლის დაღუპვა შოკი აღმოჩნდა. ყასემ სოლეიმანი უბრალო, ღარიბი ოჯახის შვილი იყო, რომელმაც დიდ სიმაღლეებს მიაღწია, გავლენიანი და პოპულარული გახდა, პრეზიდენტზეც მეტადაც კი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ორიოდე თვის წინათ ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები იყო, მოსახლეობა ხელისუფლების პოლიტიკისადმი მძაფრ უკმაყოფილებას ამჟღავნდებდა, გუშაგებმა ულმობლად ჩაახშეს გამოსვლები, ახლა კი პოპულარული გენერლის მოულოდნელმა მკვლელობამ ხალხი და მთავრობა გააერთიანა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყასემ სოლეიმანის მკვლელობამ, ცხადია, ირანს ზიანი მიაყენა, მაგრამ იმავდროულად ეს ფაქტი თეირანელი აიათოლებისათვის საუკეთესო საჩუქარი აღმოჩნდა, რომლებიც ვერც კი მიოცნებებდნენ საზოგადოების ასეთ ერთიანობაზე ისეთ მძიმე ეკონომიკურ პირობებში, როგორშიც ირანი იმყოფება“.

რუსეთი: პუტინის ვიზიტი დამასკოში

რასაკვირველია, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციას გამწვავებას ყურადღებით თვალს ადევნებს რუსეთიც, რომელიც, როგორც ცნობილია, ირანს თავის მოკავშირედ მიიჩნევს სირიის პრობლემების მოგვარებაში. გუშინ ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად ჩავიდა დამასკოში, სადაც რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტი მოინახულა და თავის სირიელ კოლეგას – ბაშარ ასადს შეხვდა. უეჭველია, ვლადიმერ პუტინის ვოიაჟი აშშ-ირანის დაპირისპირების გამწვავებამაც განაპირობა. რუსეთის ლიდერი, როგორც ჩანს, ამერიკას ახსენებს, რომ ირანისა და სირიის გვერდით მოსკოვი დგას. პლუს იგი დღეს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანსაც ხვდება…

მოკლედ, კვანძი ნელ-ნელა იკვრება და თანაც ისე მტკიცედ, რომ მისი გახსნა ძალიან ძნელი იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

————

წყაროები:

https://www.amerikiskhma.com/a/iran-launched-more-than-a-dozen-ballistic-missiles-against-u-s-military-and-coalition-forces-in-iraq-/5236436.html

https://www.bbc.com/russian/news-51029054;

https://www.bbc.com/russian/news-51029211

https://edition.cnn.com/2020/01/08/politics/trump-iran-missile-attacks/index.html

https://www.theguardian.com/commentisfree/2020/jan/07/qassem-suleimani-trump-uniting-iran-assassination-government