პროკურატურა ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს

0
226

პროკურატურა თბილისში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს.

„გამოძიების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, საქმეზე ჩატარდა 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რომელიც შეეხებოდა უშუალოდ ფაქტის გახსნის მცდელობას და არანაირ დაფარვას ან დამალვას, რაიმე ფაქტის უგულვებელყოფას საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“- ამის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უშუალოდ საქმეში მონაწილე მეორე პირთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და პროკურატურა, როგორც დაზარალებულის ოჯახს, ისე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი საგამოძიებო ორგანოდან მიიღებს პასუხს კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებაში. გარდაცვლილის ძმა, გუშინ ვცანით დაზარალებულად. კონკრეტულად წარდგენილ ბრალდებაში რაზეც ჩვენ ბრალდებულს ბრალი წარვუდგინეთ, სწორედ მასზე განხორციელებული ცემა და ძალადობაც იქნა გათვალისწინებული და ამ კუთხითაც ბრალდება დამძიმდა ბრალდებულის მიმართ. რაც შეეხება მეორე პირს, რა თქმა უნდა გამოძიება შეაფასებს და სრულყოფილი გამოძიება ამ პირთან მიმართებაში ჩატარდება ძალიან მალე. გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ამიტომ დაელოდეთ ჩვენგან შესაბამის განმარტებებს ძალიან მალე,“- განაცხადა პროკურორმა.

2020 წლის 6 იანვარს საქმეზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზ.ფ-ს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

7 იანვარს სასამართლომ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.