ვეცდები, გადავათქმევინო ​შიმშილობა – დეკანოზ მამალაძის ძმა

0
235

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. ოჯახის წევრების ინფორმაციით, უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გიორგი მამალაძისთვის ეს მდგომარეობა საფრთხისშემცველია. ადვოკატი და მისი ძმა ეცდებიან, დაკავებული ციხეში ხვალ მოინახულონ, დღეს მათ სინოდის წევრებსაც უპასუხეს.

“შევეცდები, გადავათქმევინო მას შიმშილობა, ჩემი ძმა მჭირდება ჯანმრთელი, რადგან ჩვენ ვართ ჩართულნი ბრძოლაში, რომელიც კათოლიკოს პატრიარქმა და საპატრიარქომ გამოგვიცხადა. მათ გაითამაშეს და ვითომ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან, მაგრამ დავინახეთ, რომ პატრიარქმა თავად უთხრა პრეზიდენტს, ის არ შეეწყალებინა. მოვუსმინე მეუფე დიმიტრის და მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე იმაში, რომ თითქოს მან შეუშალა ხელი ჩემი ძმის გათავისუფლებას,” – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზის ადვოკატის განცხადებით კი, სალომე ზურაბიშვილმა შორენა თეთრუაშვილის დავალება შეასრულა.

“თუ დეკანოზი თავის თავს რამეს დაუშავებს ამით მათ წისქვილზე წყალს დაასხამს. მისი ეს გადაწყვეტილება არის პროტესტი, რომელიც საპატრიარქოდან დაიწყო, რასაც განაგებს შორენა თეთრუაშვილი თავისი ბანდის მეშვეობით. ჩვენ ამის გამო დავდექით იმის წინაშე, რომ დემოკრატია და საერთოდ, დამოუკიდებელი პრზიდენტის ცნება არ არსებობს.

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა შორენა თეთრუაშვილის დავალებით შეასრულა ეს ყველაფერი. რაც შეეხება წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებას, ეს არ იყო გულწრფელი და შინაგანი რწმენით მიღებული არჩევანი,” – აღნიშნა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.